კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ პარლამენტს ახალი, დაზუსტებული წერილით მიმართა
კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“დღეს საქართველოს პარლამენტს წერილის ახალი, დაზუსტებული ვარიანტი წარუდგინა, რომელშიც კომპანია დეტალურად განმარტავს ინიციატივის შინაარსს.
„m2 უძრავი ქონება“ მხოლოდ დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებელის გაუქმების ინიციატივით გამოდის.
„ჩვენი ინიციატივა ეხება კონკრეტულად ერთ საკითხს – მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებით, კერძო მესაკუთრეების ტერიტორიაზე არსებული დაავადებული ნარგავების მოჭრის უფლების მიღებას კომპენსაციის გადახდის გარეშე. მიგვაჩნია, რომ დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა წარმოადგენს საშიშროებას, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ნარგავების დაზიანების თვალსაზრისით. შესაბამისად, დაავადებული ნარგავებისგან ქალაქის ტერიტორიის გათავისუფლების სტიმულირება შედის ქალაქის ინტერესებში. გთხოვთ, ეს ინიციატივა განიხილოთ დაჩქარებული წესით“, – ნათქვამია წერილში.
რაც შეეხება ჯანსაღი ხეების მოჭრის საკითხს, კომპანია განმარტავს, რომ წინა წერილში აღნიშნული საკითხი არასრულფასოვნად იყო ჩამოყალიბებული და საზოგადოებას ინტერპრეტირების საშუალებას აძლევდა. “m2” პარლამენტში შეტანილ, დაზუსტებულ წერილში ხაზს უსვამს, რომ კომპანია მხოლოდ კანონის დაზუსტებასა და უფლება-მოვალეობების მკაფიოდ განსაზღვრას ითხოვდა, რაც, “m2″-ის აზრით, საზოგადოების ინტერესებში შედის.
კომპანია განმარტავს, რომ მსგავსი ინიციატივა უნდა განიხილებოდეს მხოლოდ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით და თვლის, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობა ბუნდოვანია და არ იცავს არც მწვანე საფარს და არც ქალაქის ურბანულ განვითარებას”, – წერია განცხადებაში.
ამასთან, “m2” წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ კომპანიის ინიციატივა არასრულფასოვნად იყო ჩამოყალიბებული და აჩენდა ლეგიტიმურ შეკითხვებს მის შინაარსთან დაკავშირებით. “m2” იმედოვნებს, რომ ახალ ინიციატივაში კომპანიის აზრი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული და მზადყოფნას გამოთქვამს, ამ საკითხზე დაინტერესებულ პირებთან ერთად იმუშაოს.