ახალგაზრდა ავსტრალიელი მილიონერი საქართველოში ქველმოქმედებას გეგმავს
ჯერემი სეიმი, რომელიც მსოფლიო ახლგაზრდა მილიონერთა სიაშია შესული, საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართვას.
როგორც ბიზნესმენმა, „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ის საქართველოში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. მისი ინტერესი ამ ეტაპზე ონლაინ ბიზნესია.
ბიზნესმენი თვლის, რომ საქართველო საუკეთესო ადგილია ევროპაში გასასვლელად. ის საქართველოში პირველად იმყოფება და სურვილი აქვს, საქართველოს მოქალაქეობაც მიიღოს.
„მე პირველად ვარ საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ აქაურობა ძალიან მომწონს. მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე განვითარებადი ქვეყანა მთელ ამიერკავკასიაში და აქ ცხოვრობს საკმაოდ განათლებული, სტუმართმოყვარე, დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ხალხი. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ როცა ვეძებდი ქვეყანას ინვესტიციისთვის, არჩევანი საქართველოზე გავაკეთე.
დაინტერესებული ვარ საქართველოში განვახორციელო ინვესტიციები და ჩემი წვლილი შევიტანო სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში. დღესდღეობით გადავწყვიტე დავეხმარო ქართველ ახალგაზრდას, გიორგი ხანთაძეს, რომელიც არის ჩემი ასაკის და აქვს ჰემორაგიული ინსულტი. იმედი მაქვს, რომ ჩემი ძალისხმევა ფუჭად არ ჩაივლის და ამით გაკეთდება ერთ-ერთი კეთილი საქმე. ამ კუთხით საქმიანობას თქვენს ქვეყანაში სამომავლოდაც გავაგრძელებ. სურვილი მაქვს, საქართველოსთან იმაზე მჭიდრო კავშირი მქონდეს, ვიდრე ამ ეტაპზე მაქვს.
მე საქართველოს პრეზიდენტს აუცილებლად მივმართავ თხოვნით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე,“-განაცხადა ჯერემი სეიმმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.