“საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლები “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებებს ითხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები დღეს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას აპირებენ, რითაც “მაუწყებლის შესახებ” კანონში დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს უფლებების გაიმიჯვნას მოითხოვენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი გიორგი ჩართოლანი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების მთავარი პროდიუსერი დოდო შონავა, გადაცემის ავტორი და წამყვანი სალომე დადუნაშვილი და ტელეწამყვანი ვლადიმირ ტატიშვილი თვლიან, რომ “მაუწყებლის შესახებ” კანონში ხარვეზებია, რომელიც უნდა გამოსწორდეს.

გიორგი ჩართოლანის თქმით, ცვლილებების მიზანია, კანონის 30-ე მუხლის ბ, გ და თ პუნქტი ჩასწორდეს, რომელიც გენერალურ დირექტორს მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე პასუხიმსგებლობის სიმძიმე სამეურვეო საბჭოს დააკისროს, ხოლო სამეურვეო საბჭოს კი სრულად ანიჭებს მენეჯერის ფუნქციებს, რამდენადაც მას საკუთარი ინიციატივით შეუძლია ცვლილებები შეიტანოს მაუწყებლის ბიუჯეტში, დებულებაში და შრომით ხელშეკრულებებში.

“სამეურვეო საბჭო კი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს გენერალური დირექტორის და მაუწყებლის საქმიანობის მაკონტროლებელ ორგანოს, კანონის ამ მუხლების მიხედვით, არის მმართველი ორგანოც, რომელიც იღებს მენეჯერულ გადაწყვეტილებებს და საკუთარი გადაწყვეტილებების მაკონტროლებელიც”, – აღნიშნა ჩართოლანმა.

სალომე დადუნაშვილის თქმით, კანონის ამგვარი დათქმები შეუძლებელს ხდის მაუწყებლის ნორმალურ და სტაბილურ ფუნქციონირებას, რადგან იქმნება გარკვეული პრობლემები და ერთმანეთზე გადაბრალების საშიშროება, რადგან ეს მუხლები პრაქტიკულად ნომინალურ ფიგურად აქცევს გენერალურ დირექტორს.

“ახლა, ახალი გენერალური დირექტორის არჩევამდე, უპრიანია მივმართოთ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რათა პარლამენტმა განიხილოს ჩვენი წინადადებები და მხარდაჭერის შემთხვევაში მოხდეს საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას”, – აღნიშნა დადუნაშვილმა.

ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადებული, რომელზეც ჯერჯერობით, არცერთი განაცხადი არაა შესული. კონკურსის ვადა 28 დეკემბერს იწურება.

21 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დააკმაყოფილა უკვე ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები