ახალ დენდროლოგიურ პარკში 50 უნიკალური ჯიშის ხე გადაირგვება

“ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური გაზეთ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალ დენდროლოგიურ პარკში 50 უნიკალური ჯიშის ხე გადაირგვება.
უძილაურის თქმით, უნიკალური პარკის გასაშენებლად, ხეებს კერძო პირებისა და სხვადასხვა კომპანიებისგან შეიძენენ.

“ზამთრის დადგომასთან ერთად, ხეების გადარგვა განახლდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული მედიასაშუალებები ისევ დეზინფორმაციას ავრცელებენ. “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი ჟურნალისტის მფლობელობაში არსებული სააგენტო “გურიის მოამბის” სტატიის მიხედვით, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილს სურდა გურიის ერთ-ერთი სკოლის ეზოდან დენდროლოგიურ პარკში ჭადრის ხის გადარგვა. ამას წერენ იმ ადამიანზე, რომელმაც ასობით სკოლა ააშენა, გაარემონტა, აღჭურვა და თურმე ახლა ბავშვებს ხის წართმევას უპირებს. ითქვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში 45 ათას დოლარად ბაობაბის ხე შეიძინა. როგორც ჩანს, “გურიის მოამბის” ჟურნალისტისთვის იმდენად ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდება, იმასაც კი არ დაუკვირდა, რომ ბაობაბის ხე საქართველოში არ ხარობს. ცნობისთვის, ის იყო რელიქტური ხე “გინკგო ბილობა”, თუმცა დენდროპარკის წარმომადგენლებმა არ ჩათვალეს ეს ხე საინტერესოდ პარკისთვის” , – განაცხადა გიორგი უძილაურმა.

მისივე თქმით, სამარცხვინოა ასეთი ქცევა იმ რეგიონის გამოცემისთვის, რომელშიც ივანიშვილმა 4 პარკი გააშენა და ახლა მეხუთეს იწყებს.

კითხვაზე, დაახლოებით რა თანხას იხდის ბიძინა ივანიშვილი ხეებში, მისი თქმით, ძირითადი ფასი 5 ათასის ფარგლებში მერყეობს.

“ძირითადად ხეების ფასი 5 ათასის ფარგლებშია. მხოლოდ სამი ხე იქნა შეძენილი 15.000-ად, მათი უნიკალობიდან გამომდინარე, ამას შეიძლება დაემატოს მეოთხე ხეც იმავე ფასში” , – აღნიშნა “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები