მარსი თუ ვენერა – მეცნიერების კვლევის სენსაციური შედეგები

ამჟამად ასტრონომების ყურადღების ცენტრში, ძირითადად, პლანეტა მარსია, ვინაიდან იქ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ადამიანის გაგზავნა იგეგმება. თუმცა “ნასაში” ალტერნატიული აზრიც არსებობს, რომლის მიხედვით, კოლონიზაციისთვის ამ ორიდან ბევრად უფრო გამოსადეგარი პლანეტაა ვენერა და ამ თვალსაზრისისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. მარსის ატმოსფერო სუნთქვისთვის გამოუსადეგარია, ის საკმაოდ თხელია და ამის გამო პლანეტაზე არ არის სათანადო წნევა. გარდა ამისა, მარსის ატმოსფერო, მზის რადიაციისგან დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
თუმცა „ნაკლოვანებები“ ვენერასაც აქვს, აქ ისე ცხელა, რომ ტყვია დნება, ხოლო მჟავის წვიმები ნებისმიერ ორგანიზმს დაწვავს. ვენერა მარსზე უფრო მეტად ჰგავს დედამიწას, რომლის მიზიდულობა დედამიწის მიზიდულობის 90%-ს შეადგენს. თუმცა არის ერთი დიდი განსხვავება, თუ მარსზე ცოტა ატმოსფეროა, ვენერაზე ის მეტია. ვენერას ატმოსფეროს სისქე დედამიწაზე 90-ჯერ მეტია. ის ძირითადად ნახშირორჟანგისგან შედგება. გარდა ამისა, ვენერას ატმოსფეროში არის გოგირდმჟავას ღრუბლები.
ასეთი მკვრივი ატმოსფეროს გამო ვენერას ზედაპირზე ძალზე მაღალი ტემპერატურაა – დაახლოებით 450 გრადუსი ცელსიუსით. ასეთ ტემპერატურაზე არა მარტო ორგანული ნივთიერებები იწვის, არამედ დნება თუნუქი და ტყვია. რაც შეეხება წნევას, ის დედამიწის ოკეანის ერთკილომეტრიან სიღრმეში არსებულ წნევას უდრის და ატომური წყალქვეშა ნავის კორპუსის გასრესა შეუძლია. როგორ შეუძლია ადამიანს გადარჩეს ასეთ პირობებში? მთავარია ვენერას ზედაპირისგან შორს იყოს.
სწორედ ამიტომ ვენერას ზედაპირზე დაშვება უპილოტო კოსმოსური ხომალდების მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო. საბჭოთა აპარატმა „ვენერა-13“-მა, რომელიც სხვა აპარატებისგან განსხვავებით, ვენერას ზედაპირზე დაჯდა, მხოლოდ 2 საათი იმუშავა და შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა – მაღალი ტემპერატურის და ატმოსფერული წნევის გამო. ამ ხნის განმავლობაში აპარატმა რამდენიმე ფოტო გამოგზავნა, რომელზეც ჩანს ხრიოკი ზედაპირი, ღრუბლები და ძალიან არაკეთილმოსურნე პლანეტა.
თუმცა „ნასას“ მკვლევარები ამბობენ, რომ ზედაპირიდან 50 კილომეტრის სიმაღლეზე ტემპერატურა დაახლოებით 60 გრადუსს ცელსიუსით უდრის, ხოლო ატმოსფერული წნევა დაახლოებით დედამიწის მსგავსია. ატმოსფერული ფენა კი ისეთი მკვრივია, რომ რადიაციისგან ადამიანს დაიცავს. იმის გამო, რომ ვენერას მიზიდულობის ძალა დაახლოებით დედამიწისას უდრის, იქ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მცხოვრებ ადამიანებს არ ემუქრება კუნთების შესუსტება და ძვლების მსხვრევადობის გაზრდა. მაგრამ როგორ არის შესაძლებელი, რომ ეს დასახლება ატმოსფეროში დაფრინავდეს? გამოსავალი ფიზიკოსებმა მოიფიქრეს. დედამიწაზე ნახშირორჟანგი ჰაერზე მძიმეა, შესაბამისად უზარმაზარი ბუშტი, რომელიც აზოტით და ჟანგბადით იქნება სავსე, ჰაერში აფრინდება. სწორედ აზოტით და ჟანგბადით სუნთქავს ადამიანი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გიგანტურ ბუშტში მთელი დასახლების შექმნა იქნება შესაძლებელი.
„ერთი კილომეტრის დიამეტრის სფერო ამ სიმაღლეზე 700 ათას ტონას ასწევს, ხოლო ორკილომეტრიანი სფერო – 6 მილიონ ტონას. ფაქტობრივად, შესაძლებელია, დედამიწის ქალაქის ზომის დახშული სივრცის შექმნა“ – განაცხადა ნასას წარმომადგენელმა ჯეფრი ლენდისმა.
რაც შეეხება მისი დაზიანების შესაძლებლობას, ლენდისი ამბობს, რომ დედამიწაზე უკვე დიდი ხანია არსებობს შენაერთები, რომლებიც ამ სფეროს მჟავისგან დაიცავს, ხოლო მისი გახეთქვის შემთხვევაში ჰაერი მომენტალურად არ გავა.
“სფეროს შიგნით და ვენერის ატმოსფეროში იმ სიმაღლეზე წნევა დაახლოებით თანაბარია. შესაბამისად ჟანგბადი და აზოტი მომენტალურად არ გავა სფეროდან, არამედ ნელ-ნელა, ოთახში გახსნილი ფანჯრის მსგავსად. ვიდრე ბუშტი მთლიანად ვენერის ატმოსფეროთი არ შეივსება, დაზიანების აღმოფხვრა უნდა მოხდეს. ვენერას ატმოსფეროში ბევრი ისეთი ნივთიერებაა, რაც კოლონისტებს დასჭირდებათ პირველ ეტაპზე, ნახშირორჟანგი, შესაძლოა, ჟანგბადზე და წყალბადზე გაიყოს, ხოლო გოგირდმჟავა – წყალზე და გოგირდზე. ვენერას ზედაპირზე კი, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ადამიანი რობოტებს გაგზავნის”.
ლენდისი აცხადებს, რომ ვენერას შესასწავლად ადამიანებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ. დღეს კი, ძირითადი რესურსები მარსისკენ არის მიმართული.
„ვენერა სასწაული პლანეტაა და ის ბევრ საიდუმლოს გაგვიხსნის. დროა ვენერას დავუბრუნდეთ,“ – წერს ჯეფრი ლენდისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები