თემურ ბასილია: საქართველოს ეროვნული ბანკი დაადგა ლარის კუპონიზაციის გეგმის განხორცილებას

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი დაადგა ლარის კუპონიზაციის გეგმის განხორცილებას – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
მისი შეფასებით, ეს გამოიწვევს საქართველოს დაბრუნებას გოცირიძე-დვალიშვილის ეპოქაში.
„ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი დაადგა ლარის კუპონიზაციის გეგმის განხორცილებას. ეს კი, გამოიწვევს საქართველოს დაბრუნებას გოცირიძე-დვალიშვილის ეპოქაში. იმ პერიოდში (1992-93 წლები) ეროვნული ბანკი, ატარებდა რა ე.წ. “ლიბერალურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას”, სისტემატურად გასცემდა კომერციულ ბანკებზე ათეულ მილიონიან სესხებს როგორც მთავრობის დავალებით, ასევე, დამოუკიდებლადაც. ამის შედეგად მიმოქცევაში გადიოდა დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი ფულის მასა, რამაც საბოლოოდ ქვეყანა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კატასტროფულ ჰიპერინფლაციამდე მიიყვანა.
სწორედ ამ ე.წ. “ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის” შედეგად ყოველდღიურად უფასურდებოდა იმდროინდელი “ფული” – კუპონი. დღეს ვილაპარაკებთ მხოლოდ ერთ თემაზე – ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის გასაცემ სესხებზე. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი გეგმავს კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების მოცულობა გაზარდოს 3-ჯერ და მეტად!!!
კერძოდ, მიმდინარე, 2016 წელს, ეროვნული ბანკი გეგმავს კომერციულ ბანკებზე გასცეს 1.07 მილიარდი ლარის სესხი. 2017 წლისთვის კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების მოცულობა გაიზრდება 1,27 მილიარდ ლარამდე, 2018 წელს – 1,8 მილიარდ ლარამდე, 2019 წელს – 2,33 მილიარდ ლარამდე, ხოლო, 2020 წელს – 3,28 მილიარდ ლარამდე. ანუ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი გეგმავს 3-ჯერ და უფრო მეტად გაზარდოს კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების მოცულობა.
საქართველოში უკვე არაეკონომისტებმაც კი იციან, რომ თუ მიმოქცევაში ფულის მასა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე საქონლისა და მომსახურების მოცულობა, ეს გამოიწვევს ინფლაციის ზრდას, ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას, მისი გაცვლითი კურსის დაცემას. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რას გამოიწვევს მიმოქცევაში არსებული ფულის მასის 3-ჯერ და უფრო მეტად გაზრდა. ეს გახლავთ გზა საქართველოს ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. და ბოლოს, აქ მოყვანილია ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები, რაც ღია და ხელმისაწვდომია ყველასთვის. სამწუხაროდ, არ გამიგია, რომ საქართველოში ვინმეს ამ პრობლემაზე დღემდე გაემახვილებინოს ყურადღება“, – წერს ბასილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები