კონფერენცია – „ჩანასახიდან ბავშვს უფლება აქვს იყოს დაცული”- გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის სადისერტაციო დარბაზში დღეს, რიგით 37-ე საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ჩანასახიდან ბავშვს უფლება აქვს იყოს დაცული,” გაიხსნა, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობენ. კონფერენცია სტუდენტების, ფართო პროფილის ექიმებისთვის – პედიატრების, ოჯახისა და სკოლის ექიმების, კარდიოლოგებისა და ენდოკრინოლოგებისთვის იმართება.
ღონისძიება ოთხი ნაწილისგან შედგება და ის ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. უცხოელი და ქართველი მეცნიერები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ისაუბრებენ. მათ შორის დიაბეტზე, მის დიაგნოსტირებაზე და სხვა. კონფერენციას პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი წარუძღვა. მისი ინფორმაციით, ღონისძიება ყველწლიურად, წელიწადში ორჯერ ტარდება და საზოგადოებას აბარებენ ანგარიშს, თუ რა გააკეთეს ამ ხნის განმავლობაში. მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში, გაფორმდება მემორანდუმები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მრავალშვილიან დედებზე ზრუნავენ. ასევე ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან აბორტების საწინააღმდეგო კამპანიას, ერთმანეთს მოსაზრებებს გაუზიარებენ.
კონფერენციაში მონაწილეობს ყველა თაობა. მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია „გენი ქართულის“ საზოგადოებასთნ ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ანთიამ აღნიშნა, რომ „გენი ქართული“ უერთდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას. მნიშვნელოვანია ის, რომ კონფერენციის ფარგლებში, სოციალური პედიატრიის ფონდსა და „გენი ქართულს“ შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდომი.
„იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. ჩვენი ორგანიზაცია ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს. ამ პრობლემის მოგვარების არსებობს ორი გზა, ეს არის ახალგაზრდების სტიმულირება და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და ხელშეწყობა“,-აცხადებს ანთია.
ანთიას განმარტებით, ორგანიზაცია „გენი ქართული“ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერითა და ახალგაზრდების წახალისებით. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს საპატრიარქო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პარლამენტის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, თბილისის მუნიციპალური სამსახური, კავშირი „სპორტი ჯანმრთელობისთვის, სპორტი დოპინგის გარეშე”, შპს „ბაზი“, “NG”, “პური“, „ვიტა კორპი“ და “GIC”.
კონფერენციის მონაწილეებს უფასოდ დაურიგდათ გაზეთი „სოციალური პედიატრია“ და ჟურნალი „ბავშვთა კარდიოლოგია, სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები