პრემიერი: ჩინოვნიკი, რომელმაც თუ მართლა შეუმცირა ბავშვებს თელავის ბაღებში კვების რაციონი, გათავისუფლდება

თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა და რომელიმე ჩინოვნიკმა მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, ის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.
„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაციონის გადახედვა მოხდა და ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი საკვები სახეობები. ეს არის ალბათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმე, მაგრამ მე მინდა ჯანდაცვის და განათლების მინისტრებს ვთხოვო, რომ ჩაერიონ ამ საკითხში.
სრული სერიოზულობით მინდა განვაცხადო, რომ არ ვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში… თუ ეს რეალობაა, თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს, მინდა რომ ხვალ თავის თანამდებობაზე აღარ იყოს. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები