პრემიერი ბაღებში ბავშვების კვების რაციონის შემცირებას დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას უწოდებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბავშვო ბაღებში ბავშვების კვების რაციონის შემცირებას დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას უწოდებს. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ არსებობს ისეთი ჩინოვნიკი, რომელსაც ამ გადაწყვეტილების მიღება მოუვიდა თავში, თანამდებობაზე აღარ უნდა იყოს.
გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის და განათლების მინისტრებს საკითხის შესწავლა დაავალა.
„მინდა შევეხო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. არ ვიცი, გადამოწმებული არ გვაქვს ეს ფაქტი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონთან დაკავშირებული საკითხი. ინფორმაციის თანახმად, რაციონის გადახედვა მოხდა და ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი საკვები სახეობები. ეს არის ალბათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმე, მაგრამ მე მინდა ჯანდაცვის მინისტრს და განათლების მინისტრს ვთხოვო, რომ ჩაერიოთ ამ საკითხში. მინდა განვაცხადო აბსოლუტური სერიოზულობით – არ ვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში, ამ გადაწყვეტილების მიღება, თუ ასეთი რამ რეალობაა. თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს, მინდა, რომ ის აღარ იყოს ახლა თავის თანამდებობაზე, სადაც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია ისე გაიგო, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, არსებობს უამრავი რესრუსი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისა.
„არ მინდა ჩამოვთვალო. არ არის აუცილებელი, მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტოების დასწრება და სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ასეთ ფაქტებს ვაწყდებით ყველა ჩვენგანი და კიდევ ბევრი ხარჯი, რომელიც შეიძლება რომ საერთოდ ყოველგვარი მტკივნეული გადაწყვეტილებების გარეშე მივიღოთ და სხვათაშორის იმის გარეშეც, რომ ჩვენ პრორორციულად 10% ადამიანები შევამციროთ. ზოგიერთ ნაწილში მოგვიწევს შტატების ოპტიმიზაციაც, იქ სადაც ფუნქციონალურ რეფორმებთან გვაქვს საქმე და ეს ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმე შეეხო ბავშვების რაციონს, მიიღეთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილებაა. არაფერი სამაგისო არ გვჭირს დღეს ნადვილად. ჩვენ გვაქვს საკმარისი რეზერვი იმისთვის, რომ დავაფინანსოთ ის ძალიან გაზრდილი მოთხოვნები ჩვენი განვითარების, რაც გამოდის ჩვენი ამბიციური განვითარების გეგმებიდან და არავითარ შემთხევავში, არა ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე. შეიძლება ეს არ არის ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ვინაიდან მედიაში ეს ინფორმაცია არის გასული, მე ვალდებული ვარ საჯაროდ გავაკეთო რეაგირება ამ საკითხზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები