კახა კალაძე: საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლას უახლოეს მომავალში შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლას უახლოეს მომავალში შეძლებენ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში წარმატება არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმატება. კალაძე აღნიშნავს, რომ ევროპასთან დასაახლოებლად არაერთი რეფორმა გატარდა, მათ შორის წინა ხელისუფლებების მხრიდანაც.
„ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გუშინ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ევროპულ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ეს არის ჩვენი გუნდის, პრემიერ-მინისტრის დამსახურება. მთლიანად, ეს პროცესი არ მინდა მიიწეროს მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, ამ მიმართულებით მუშაობა მრავალი წლის წინ დაიწყო, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, ეს ყველაფერი დავაგვირგვინოთ“, – განაცხადა კალაძემ.
ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და ასევე, ევროკომისია 7 დეკემბერს გამართულ საერთო შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ. შეჩერების მექანიზმი ითვალისწინებს, რომ თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომლებიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება და ამ პრობლემებს თავად ვერ გაუმკლავდა, უფლება ექნება, მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩეროს. თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე, უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები