საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 7-9 დეკემბერს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მეოთხე გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება.

ღია მმართველობის პარტნიორობის 70 წევრი ქვეყნის აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები გამჭვირვალობის, სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიული ინოვაციების გამოწვევებზე სემინარებისა და პანელური დისკუსიების ფორმატში იმსჯელებენ. ღიაობის გლობალური ფორუმის მუშაობაში, პირველ ვიცე სპიკერ თამარ ჩუგოშვილთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი და პარლამენტის წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, აგრეთვე ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.

9 დეკემბერს, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში თემაზე – „ღია პარლამენტში ჩართულობის წახალისება”, ხოლო პარლამენტის წევრი, ხათუნა გოგორიშვილი ჩაერთვება დისკუსიაში – „საპარლამენტო ღიაობის ინსტიტუციონალიზაცია: ინოვაციური მოდელები რეფორმის წასახალისებლად.” სამიტის პარალელურად, პარლამენტის დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის მუშაობაში 70 ქვეყნის 3000-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონკმდებლო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, მკვლევარები, საჯარო მოხელეები, სტარტაპებისა და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტები და მედია. პარიზის გლობალური სამიტის ფარგლებში დაგეგმილია 300-ზე მეტი სემინარი, პანელური დისკუსია, პლენარული სხდომა თუ სხვა ფორმატის შეხვედრა, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, აგრეთვე, პრაქტიკული მაგალითებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა გამჭვირვალობა და ანტიკორუფცია, კლიმატური ცვლილებები და მდგრადი განვითარება, ციფრული ტექნოლოგიები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ღია პარლამენტი და ღია მთავრობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები