გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სირილ მიულერს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხებს, ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო პროექტებს შეეხო.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს სისტემატური დიაგნოსტირების პროგრამის შესახებ აცნობა, რომელსაც მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოში განახორციელებს. პროგრამა მსოფლიო ბანკს დაეხმარება კომპლექსურად შეისწავლოს ქვეყანაში არსებული ვითარება, რათა აღმოაჩინოს ხარვეზები და წარმატებით განახორციელოს სამომავლო მიზნები.
საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ბანკს მოუწოდა, უფრო აქტიურად ჩაერთოს განათლების ხარისხის ამაღლებაში, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.
“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი გამოაცხადა როგორც საგანმანათლებლო წელი, მივიჩნევთ, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს განათლება, უნდა იყოს ინოვაციები, კერძო და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, მაია მელიქიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფს მათ მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მაია მელიქიძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები