საქართველოს პრეზიდენტი მაიკლ კარპენტერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, მაიკლ კარპენტერთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის დროს ხელმოწერილი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს გაუსვეს ხაზი. მხარეებმა ყურადღება საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალი პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილეს, რომლის განხორციელებასაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში 2017 წლის დასაწყისში დაიწყებს. აღინიშნა, რომ პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების, ისე რეგიონული უსაფრთხოებისთვის.
„მაიკლ კარპენტერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების, ასევე კონკრეტული თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის თვალსაზრისით. ეს არის პროგრამა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის”, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა.
აღინიშნა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო ყურადღებით დააკვირდება თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას.
გიორგი მარგველაშვილმა მაიკლ კარპენტერს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააცნო. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა.
შეხვედრისას, ასევე ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას და რეგიონში საქართველოს, როგორც განსაკუთრებული პარტნიორის როლს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს მიერ ავღანეთში ნატოს ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და პატივი მიაგო დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას. საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, ასევე აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები