2017 წელს, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილე აღინიშნება

შესაბამის დონეზე აღნიშვნის, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კორეის მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალური დირექტორი ლიმ სუ-სოკი, საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. დადებითი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებულ პარტნიორობას, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა, რომ მ.წ. სექტემბერში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს იუნ ბიონ-სეს შორს გამართული შეხვედრა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების დადასტურებას წარმოადგენდა.
საუბარი ასევე შეეხო კორეის ბიზნეს წრეების მზარდ დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო გარემოთი, დასახელდა აღნიშნული მიმართულებით არსებული თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები და გამოითქვა მზადყოფნა ხელი შეეწყოს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში არსებული პოტენციალის შემდგომ ათვისებას.
ასევე, აღინიშნა კულტურული ურთიერთობების გაღრმავების და ხალხთა შორისი კონტაქტების გააქტიურება, რაც გამოიხატება ტურისტული ნაკადების მკვეთრ ზრდაში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ 2017 წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილეს შესაბამის დონეზე აღნიშვნის, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით.
მხარეებმა განიხილეს ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ასევე გაიმართა მსჯელობა სამხრეთ კავკასიასა და კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარების ირგვლივ, კერძოდ უსაფრთხოების საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებულ ბირთვულ ცდებთან დაკავშირებით, 2016 წლის 30 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს N2321 რეზოლუციაზე.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. გამოითქვა იმედი, რომ ხსენებული რეზოლუცია ხელს შეუწყობს ბირთვული იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებული მზარდი საფრთხის თავიდან აცილების პროცესს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი მე-6 რაუნდის ქ. სეულში გამართვის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები