ზურაბ პატარაძეს ნდობა 14-მა დეპუტატმა გამოუცხადა
აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩიეს.
მმართველი გუნდის 14 დეპუტატმა ნდობა გამოუცხადა პატარაძეს.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
“დიდი მადლობა ამ ნდობისთვის. დღეს ვრცლად ვისაუბრე იმ გეგმებზე რა მიმართულებითაც ვიმუშავებთ, სად გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. წელს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარა და ინვესტიციებია. ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ გამოგვივა,” – განაცხადა პატარაძემ.
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრთა კაბინეტი არ წარუდგენია. მისი განმარტებით, ის უახლოეს დღეებში წარადგენს მინისტრებს და არ გამოიყენებს 10 დღიან ვადას.