ლევან გოგიჩაიშვილი დაზარალებულ მეანაბრეებზე: მაქსიმალურად შევუწყობ ამ ადამიანებს ხელს, ჰქონდეთ სწორი კომუნიკაცია

ამ ხალხს დავეხმარები იმ ორგანომდე მისვლაში, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საფინანსო კომპანია ”საქართველოს” მეანაბრეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ იმ ორგანომ, ვინც აღნიშნულ სფეროს აკონტროლებს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე.
„ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, გავერკვევი, როგორ იყო და რანაირად. მაქსიმალურად შევუწყობ ამ ადამიანებს ხელს, ჰქონდეთ სწორი კომუნიკაცია. ამ ხალხს დავეხმარები იმ ორგანომდე მისვლაში, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თვითონ ჩამოყალიბდებიან ეს ადამიანები, თუ რა გზას აირჩევენ, ეს იქნება სასამართლო თუ სხვა გზა. მე ვფიქრობ, რომ ვინც ამ სფეროს აკონტროლებს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ეს ეხება ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს, რომელმაც ამ ხალხს ნორმალური პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
თავად მეანაბრეების თქმით, გოგიჩაიშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ მათ პრობლემებს მიიტანს ხელისუფლებაში და ეროვნულ ბანკთან.
”ქართული ოცნების” ოფისთან საფინანსო კომპანია ”საქართველოს” დაზარალებულმა მეანაბრეებმა დღეს აქცია გამართეს. მეანაბრეები კუთვნილი ანაბრების და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნებას ითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ გამოიძიონ, სად წავიდა მათი თანხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები