იენს სტოლტენბერგი: საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა გახდეს ნატოს წევრი

თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პარტნიორობის სიმტკიცეს, რომელიც ჩვენ შორის ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო გიორგი, ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ ნატო-ს სათავო ოფისში. თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პარტნიორობის სიმტკიცეს, რომელიც ჩვენ შორის ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში, ასევე ჩვენი პირადი პარტნიორობის სიმტკიცეს, რომელიც არის სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში ჩვენი ურთიერთობის შედეგი. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ ერთობლივ მხარდაჭერას ნატო-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცებასთან დაკავშირებით. ჩვენ დიდად ვაფასებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატო-საქართველოს პარტნიორობას, რომელიც ჩვენ შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის განმტკიცების და შემდგომი გაღრმავების გზები. სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იმყოფებოდა საქართველოში და ჩვენ გვქონდა შეხვედრები პირადად თქვენთან და თქვენს მინისტრებთან. ჩვენ განვიხილეთ ვარშავის სამიტზე დამტკიცებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისვე თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა გახდეს ნატოს წევრი.
„როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადე, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ მომავალშიც დაგიჭერთ მხარს თქვენი მისწრაფებების ხორცშესხმაში და ნატო-სთან კავშირების განმტკიცებაში. გარდა ამისა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად. ჩვენ შევაფასეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა. რასაკვირველია, საქართველო, როგორც პატარა სახელმწიფო შავიზღვისპირეთში, ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, ვისთანაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის, რადგანაც შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ალიანსისთვის, ხოლო პარტნიორობა საქართველოსთან მისი მნიშვნელოვანი ნაწილია. კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნატო-ს სათავო ოფისში. ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა თქვენთან შეხვედრა. იმედის თვალით შევყურებ სამომავლო თანამშრომლობას თქვენთან, თქვენს მთავრობასა და თქვენი კაბინეტის მინისტრებთან, რომლებიც თქვენს დელეგაციაში შედიან.” – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები