„არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ნატოში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხისა და მთავრობის მტკიცე ეროვნული არჩევანი“

არჩევნების შედეგებმა ასევე გვაჩვენა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ჩვენი მოქალაქეების ეროვნული არჩევანია. ჩვენი მთავრობა მოწოდებულია, ეს მოლოდინი გაამართლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა ასპექტებს.
“განვიხილეთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა ასპექტები. ჩვენი წინა შეხვედრა სექტემბერში, თბილისში გაიმართა, როდესაც თქვენ და ელჩები  სტუმრობდით საქართველოს. ეს ვიზიტი იყო ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განუხრელი მხარდაჭერის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანი.
ამდენად, მინდა, პირადად თქვენ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩართულობისა და დიდი მხარდაჭერისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში!
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში გამართული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პირველი ოფიციალური ვიზიტი იმართება ბრიუსელში, ნატოსა და ევროკავშირში. ესაა შესანიშნავი შესაძლებლობა, შევხვდე საქართველოს უახლოეს მეგობრებსა და პარტნიორებს ნატოსა და ევროკავშირში.
მივიღეთ საქართველოს მოქალაქეების მანდატი, რათა განვაგრძოთ ის რეფორმები და პოლიტიკური კურსი, რომელსაც წლების მანძილზე განუხრელად მივდევთ. არჩევნების შედეგებმა ასევე გვაჩვენა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ჩვენი მოქალაქეების ეროვნული არჩევანია. ჩვენი მთავრობა მოწოდებულია, ეს მოლოდინი გაამართლოს.
გენერალურ მდივანთან დღეს გამართული შეხვედრისას დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებებისა იმპლემენტაცია. ვარშავის სამიტზე წევრმა-ქვეყნებმა არაორაზროვნად გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა და ინსტრუმენტი, მოემზადოს გაწევრიანებისათვის. ჩვენ  ამ ინსტრუმენტებს მომავალშიც სრულად გამოვიყენებთ, რათა დავუახლოვდეთ გაწევრიანების მიზანს.
რაც შეეხება პრაქტიკულ თანამშრომლობას, ჩვენ არ ვიშურებთ ძალ-ღონეს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი. ჩვენ დიდად ვაფასებთ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას ამ კუთხით.
მათი ჩართულობის შედეგად, გვაქვს კონკრეტული მიღწევები. ჩვენ ვიზიარებთ გენერალური მდივნის ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო და ალიანსი გამოყოფენ ყველა აუცილებელ რესურსს საიმისოდ, რომ განხორციელდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში არსებული ყველა პროექტი და გამოყენებულ იქნეს ვარშავაში განსაზღვრული თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული გზა. ეს ინიციატივები ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებასა და ამ გზით ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას”, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო სრულად იაზრებს შავი ზღვრის უსაფრთხოების მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და რეგიონალური მშვიდობისათვის.
„განვიხილეთ რეგიონალური უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. შევთანხმდით, რომ შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოება ნატოს უსაფრთხოების გარანტია. საქართველო მიესალმება ნატოს ინიციატივებს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვიაზრებთ შავი ზღვრის უსაფრთხოების მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და რეგიონალური მშვიდობისათვის. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მზადაა ჩაერთოს ალიანსის მცდელობებში, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის მნიშვნელობას ალიანსისთვის და ჩვენ, როგორც ასპირანტი ქვეყანა, განვაგრძობთ წვლილის შეტანას ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში.
ჩვენ ასევე შევეხეთ სქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და რუსეთსა და სოხუმის თვითგამოცხადებულ რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის საკითხს. შეთანხმება შეეხება ერთიანი სამხედრო დანაყოფის შექმნას. ეს უკანონო ქმედება უხეშად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს.
საქართველო მიესალმება ნატოს მხარდაჭერას საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ ასევე გამოვხატავთ მადლობას ნატოს ერთსულოვან და მყარ გადაწყვეტილებას, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება და თავისი სამხედრო ძალები გაიყვანოს ჩვენი ტერიტორიიდან.
დიდ მადლობას ვუხდი გენერალურ მდივანს მისი მხარდაჭერისათვის საქართველოს ინტეგრაციის პროცესში!” – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები