“რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა წარმატებით შეასრულა, ველით, რომ ევროკავშირი ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს”

ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება უცვლელია-გავაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს მივუახლოვოთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა.
„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროკავშირსა და პირადად პრეზიდენტ ტუსკს ჩემი ქვეყნისა და ევროკავშირთან მაქსიმალურად მიახლოების ძალისხმევის განუხრელი მხარდაჭერისთვის. ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება უცვლელია-გავაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს მივუახლოვოთ.
მოუთმენლად ველით ასოცირების დღის წესრიგის განახლებულ ვარიანტს, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მსურს შევეხო რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების შეთანხმების საქართველოში განხორციელების პირველ ანგარიშს, რომელიც ადასტურებს ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში. კონკრეტული მიღწევები გვაქვს დემოკრატიის კონსოლიდაციის, სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, გაზრდილი ინვესტიციებისა და ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით, რაც მყარ საფუძველს ქმნის ამ მიმართულებით შემდგომი წარმატებისთვის. მზაობას გამოვხატავთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ ამბიციური ურთიერთობის შესაძლებლობები, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ინტერესებს თანაბრად ემსახურება. ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა ძლიერი მასტიმულირებელი მექანიზმების უზრუნველყოფით კრიტიკული მნიშვნელობისაა დიფერენცირებული და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომისთვის და ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი მამოძრავებელი პრინციპი. ამ საკითხს მივყავართ ვიზა-ლიბერალიზაციამდე, რომელსაც ტრანსფორმაციის ძლიერი ეფექტი გააჩნია ფართომასშტაბიანი რეფორმების კონტექსტში და ქვეყნის მოქალაქეებს უშუალოდ ხელშესახებ სარგებელს აძლევს. რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა წარმატებით შეასრულა, ველით, რომ ევროკავშირი მის ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დააწესებს საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ ტუსკს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისათვის. საქართველო ევროკავშირის ძირითადი მოკავშირეა უსაფრთხოების სფეროში და ეს განსაკუთრებით აღინიშნა კიდეც ანგარიშში. ვაგრძელებთ მონაწილეობას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში. მზად ვართ თანამშრომლობა მეტად გავზარდოთ, რათა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში გაწერილმა ხედვამ პრაქტიკული განხორციელება ჰპოვოს. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ჩართულობა სამეთვალყურეო მისიების ფარგლებში – ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო და აქტიური მედიაციის მექანიზმია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, რაც მისი თქმით, მყარ გარანტიებს იძლევა მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის შედეგად წარმოქმნილი მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემოებების მიმართებით. დასკვნის სახით თბილი მიღებისა და საინტერესო იდეების გაცვლისთვის მსურს კვლავ გამოვხატო მადლიერება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტუსკისადმი.”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები