დონალდ ტუსკი: უდიდეს შეფასებას ვაძლევ საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმას

უდიდეს შეფასებას ვაძლევ საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას, რომელიც ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას“, – საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
ტუსკის მტკიცებით, ევროკავშირი საქართველოს დახმარებას მომავალშიც გაუწევს.
ამასთან, ტუსკმა ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.
„გარდა ამისა, მადლობას მოვახსენებ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. იმედის თვალით შევყურებ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში საერთო სამომავლო მიზნების დასახვის პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც გაიმართება 2017 ნოემბერში.
ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც მას განუხრელად შეაქვს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში, ასევე დახმარებისთვის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების საქმეში. რაც შეეხება, უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, შარშან ოქტომბერში ყველა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა. დღეს ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ საკითხზე თავად ევროკავშირში.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა, რომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჰორიზონტალურ მექანიზმს ყველა წესთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია ევროკავშირში ვიზებთან დაკავშირებით. საქართველო იმსახურებს ამ პროცესის დროულად და წარმატებით დასრულებას. დასასრულს, გამოვთქვამ შეშფოთებას რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ეგრეთწოდებული შეთანხმების რატიფიკაციის გამო.
ევროკავშირი მკაფიოდ აცხადებს, რომ ამ შეთანხმებით ირღვევა საერთაშორისო სამართალი, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ჩათვლით. ამ შეთანხმებას არავითარი წონა არ აქვს ევროკავშირის თვალში. ჩვენ უპირობოდ ვემხრობით საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩვენი თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ევროკავშირი მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“,-განაცხადა ტუსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები