პრემიერი: საქართველომ ყველა მოთხოვნა წარმატებით შეასრულა, ველით, რომ ევროკავშირი ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს

„რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა წარმატებით შეასრულა, ველით, რომ ევროკავშირი ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ინტენსიურად და მიზანმიმართულად გააგრძელებს რეფორმებს, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს მივუახლოოთ. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.
”ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროკავშირსა და პირადად პრეზიდენტ ტუსკს ჩემი ქვეყნის ევროკავშირთან მაქსიმალურად მიახლოების ძალისხმევის განუხრელი მხარდაჭერისთვის, ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება უცვლელია. გავაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს მივუახლოოთ. მოუთმენლად ველით ასოცირების დღის წესრიგის განახლებულ ვარიანტს, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მსურს, შევეხო რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების შეთანხმების საქართველოში განხორციელების პირველ ანგარიშს, რომელიც ადასტურებს ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში. კონკრეტული მიღწევები გვაქვს დემოკრატიის კონსოლიდაციის, სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, გაზრდილი ინვესტიციებისა და ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით, რაც მყარ საფუძველს ქმნის ამ მიმართულებით შემდგომი წარმატებისთვის. მზაობას გამოვხატავთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ ამბიციური ურთიერთობის შესაძლებლობები, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ინტერესებს თანაბრად ემსახურება. ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა, ძლიერი მასტიმულირებელი მექანიზმების უზრუნველყოფით, კრიტიკული მნიშვნელობისაა დიფერენცირებული და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომისთვის და ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი მამოძრავებელი პრინციპი”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამ საკითხს მივყავართ ვიზალიბერალიზაციამდე, რომელსაც ტრანსფორმაციის ძლიერი ეფექტი გააჩნია ფართომასშტაბიანი რეფორმების კონტექსტში და ქვეყნის მოქალაქეებს უშუალოდ ხელშესახებ სარგებელს აძლევს.
”რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა წარმატებით შეასრულა, ველით, რომ ევროკავშირი მის ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დააწესებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ ტუსკს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისათვის. საქართველო ევროკავშირის ძირითადი მოკავშირეა უსაფრთხოების სფეროში და ეს განსაკუთრებით აღინიშნა კიდეც ანგარიშში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს მონაწილეობას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში.
”მზად ვართ თანამშრომლობა მეტად გავზარდოთ, რათა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში გაწერილმა ხედვამ პრაქტიკული განხორციელება პოვოს. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის ჩართულობა სამეთვალყურეო მისიების ფარგლებში – ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო და აქტიური მედიაციის მექანიზმია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, რაც მყარ გარანტიებს იძლევა მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის შედეგად წარმოქმნილი მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემოებების მიმართებით. დასკვნის სახით, თბილი მიღებისა და საინტერესო იდეების გაცვლისთვის მსურს კვლავ გამოვხატო მადლიერება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტუსკისადმი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები