გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკომისარმა გიორგი კვირიკაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების მნიშვნელობას და მომავალი წლების სამოქმედო გეგმას. ყურადღება გამახვილდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და აღინიშნა, რომ საქართველო, რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით, კვლავაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს მაღალი რანგის პირველ ინსტიტუციურ შეხვედრას, ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ. გამოითქვა იმედი, რომ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი გახდება შემდგომი რეფორმების კონკრეტული გზამკვლევი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, გრძელვადიან ჭრილში, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მისი თქმით, წარმოადგენს მთავრობის მთავარ პრიორიტეტს. მანვე მისასალმებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის სამომავლო დახმარება 2017-2020 წლებში კონცენტრირებული იქნება, ძირითადად, ეკონომიკურ ზრდასა და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რაც იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თვალსაჩინო აღიარება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. გიორგი კვირიკაშვილმა იოჰანეს ჰანს საქართველოს ასოცირების პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები