რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ

პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 28-29 ნოემბრის ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ.
უწყების ინფორმაციით, ზურაბ ალავიძის პირველ მოადგილედ ირაკლი მატკავა დაინიშნა.
„ირაკლი მატკავამ განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საფრანგეთში, გრენობლის ბიზნესსკოლაში მიიღო. გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და „ტონი ბლეარ ესოშიეითის“ უფროსი მრჩეველი, პროექტის ლიდერი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე კახაბერ გულედანი იქნება.
„კახაბერ გულედანი – განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, მრეწველობის დაგეგმვის განხრით. სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს ეროვნულ ბანკში, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის მრჩევლის თანამდებობაზე, „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში პროექტის მენეჯერად და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ“, -აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
ზურაბ ალავიძის მოადგილის პოსტს დაიკავებს გალაკტიონ ბუაძეც.
„გალაკტიონ ბუაძემ დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სამრეწველო ჯგუფში, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ და სხვადახვა კერძო და საერთაშორისო კომპანიებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები