რა ოდენობის პრემია გაიცა შს სამინისტროში 2013 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაკვეთში – IDFI ინფორმაციას ავრცელებს
“2013 წელს 10 თვეში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებზე გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემია”, – ამის შესახებ ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, (IDFI) -ის ინფორმაციაში.
IDFI -ის ინფორმაციით, 2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე, პრემიის სახით, სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 გაიცა ოქტომბერში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2013 წლის ნოემბრამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი. შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში – 4 335 ლარი.
„მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში, უმეტესწილად, პრემია გაიცემოდა ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს.
მაგალითად, მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო, 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა – 107 250 ლარი, ლევან იზორიამ – 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში – 44 000 ლარი. ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე, პრემიის სახით, ყველაზე დიდი თანხა გაცემულია ალექსანდრე ტაბატაძეზე – ივლისის პრემია 22 000 ლარი. 2013 წლის მაისში ალექსი ბატიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლევან იზორიას 13 250 ლარი“, – აღნიშნულია IDFI -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, 2013 წელს (10 თვე) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 492 675 ლარი, საიდანაც დეპარატმენტის უფროსსა და მის მოადგილეებს მიღებული აქვთ ერთად ჯამში 144 675 ლარი, მაგალითად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, დავით ცინარიძემ 10 თვის განმავლობაში, პრემიის სახით, მიიღო 55 000 ლარი.
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის თანამდებობის პირების შემთხვევაში, 2013 წელს (10 თვე) პრემიის სახით სულ გაცემულია 1 174 894 ლარი, საიდანაც 5 დეპარტამენტის უფროსს მიღებული აქვთ 200 500 ლარი. მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა კონსტანტინე მახარაშვილს და ვეფხია ჩიხლაძეს – თითოეულს 49 375 ლარი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე 2013 წელს (10 თვე) სულ გაიცა 389 170 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც დირექტორს და მის ორ მოადგილეს მიღებული აქვთ 119 800 ლარი. დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა, ზურაბ გამეზარდაშვილმა ივლისის თვეში მიიღო 21 250 ლარის ოდენობის პრემია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირების შემთხვევაში, 2013 წლის ნოემბრამდე ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაიცა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 714 375 ლარი. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს, ალექსანდრე ჭიკაიძეს 2013 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, ანუ 8 თვეში, პრემიის სახით მიღებული აქვს 66 250 ლარის ოდენობის პრემია, რაც საშუალოდ თვეში 8280 ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.