„პეპლებს მთელი ცხოვრება გავურბოდი“…

ამბობს, რომ ადამიანის შემოქმედება ყველაზე მეტად სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს, მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალო სასიკეთოდ, ქვეყნად მოიტანო სიხარული და   სილამაზე დატოვო, ამისთვის მოდის ადამიანი… ბედნიერება უბრალოებაშია. უბრალო სამოსი, ადამიანები, ენძელები, გირჩებ, სოკოებსა და ხმელ ხეები… მაგრამ დედამიწა ის ბანალური სივრცეა, სადაც ღვთაებრივი გრძნობები ვერ ხარობს... ადამიანმა თავად უნდა გადაარჩინოს საკუთარ თავში ეს გრძნობები. ამიტომ ხატავს და წერს, სხვანაირად მისი არსებობა აღსასრულს გაუტოლდებოდა. – თაფლო ზარიძის პერსონა.

15228066_1263378347067865_96433334_n– დაბა მანგლისში გავიზარდე, ულამაზეს ბუნებაში, და-ძმასთან და მშობლებთან ერთად, პატარა, უბრალო სახლში, მზიანი და ფერადი ცხოვრებით, იყო ქარიც და სევდაც, დღემდე მომყვება ბავშვი ჩემი თავი… როგორიც ვიყავი, თითქმის ისეთი ვარ ახლაც…
– თაფლო რატომ დაგარქვეს?
– თამარი მქვია, თაფლო მე დავირქვი… გაუცნობიერებელ ასაკში რომ დამიძახეს თამარი, არა, თაფლო ვარ-მეთქი და… შემომრჩა.
როგორ დაიწერა პირველი ლექსი?
– პირველი ლექსი 6 წლის ასაკში დავწერე, ანუ მაშინ, როდესაც ვისწავლე წერა, ბებიას დავუწერე სიყვარულის ნიშნად, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, რატომ დავწერე მაინცდამაინც ლექსის ფორმით.
 ლექსები და ჩანახატები, ძირითადად, სევდიან-ტკივილიანი გაქვთ...
–  ეს ლექსები და ჩანაწერები იგივე ჩემი ცხოვრების დღიურებია, მთელი ჩემი არსებობის მანძილზე მდევს მძიმე სულიერი ემოციები, ყველაფერს ძალიან განვიცდი, ზედმეტად მგრძნობიარე ვარ, ადვილად მტკივა, ალბათ ზედმეტად ბევრი ვიტკინე, ის ყველაფერი, რასაც ვწერ, ჩემი რეალური სახეა, ჩემი განცდები, ტკივილები მისტიკაში მაგდებს და მეც ლექსებით „ვყვირი”, სულ ესაა, ვფიქრობ, ნებისმიერი ავტორისთვის ტკივილის ამოხეთქვაა ლექსი.
 რა არის ცხოვრება, რისთვის მოდის ადამიანი? 15218251_1261304660608567_174951901_n
– ცხოვრება უცნაური პათოსია, ალბათ არავინ იცის, რატომ გვეძლევა, ბოლომდე ვერავინ ამოხსნის. ვფიქრობ იმიტომ, რომ აზრიანად ვიცხოვროთ… ცხოვრებას კი მაშინ აქვს აზრი, როდესაც ქმნი და ტოვებ. მაქსიმალურად უნდა ეცადოს ადამიანი, ბევრი კარგი და ღირებული შექმნას, სიკეთით და სიყვარულით იცხოვროს, ყველაზე დიდი სიკეთე ისაა – არავის ავნო ცხოვრებაში, სიტყვით თუ საქმით, უნდა ყველაფერი გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალოს სასიკეთოდ, ქვეყნად მოიტანოს სიხარული და ბევრი, ბევრი სილამაზე დატოვოს, აი ამისთვის მოდის ადამიანი.
ხატვა… როდის დაიწყეთ?
– ხატვა დავიწყე მაშინ, როდესაც დავიწყე სამყაროს შეგრძნება, გაუაზრებელ ასაკში, ალბათ მხატვრული ხედვით დავიბადე, მუდამ არ არსებულის შექმნა მსურდა, რეალურ სამყაროს რომ ვხედავ, ეგ არაფერია, მუდამ მის უკან ვიყურები, მის უკან მაინტერესებს რა ხდება, როდესაც ქუჩაში მივაბიჯებ, მაშინაც კი მჭირდება ისეთი შეგრძნება, რომელიც ამ ქუჩის ჩვეულებრივობას მომწყვეტს, არასოდეს მაკმაყოფილებს თვალით დანახული რეალობა, რაგინდ ლამაზი იყოს ის, რაღაც უფრო ბუნებრივს, არამიწიერ სილამაზეს ვეძებ, რომელიც თვალით არასოდეს მინახავს.
როდესაც რაიმეს ვუყურებ, იმას არ ვხედავ, რასაც აღიქვამს თვალი, ვხედავ იმას, რაც წარმოსახვაში უნებურად აღიქმება,
ჩემს ერთ ნახატზეც კი ვერ დაინახავთ რაიმე რეალურს, მაგრამ ზუსტად ეგაა ჩემი რეალობა,
ვხატავ მაშინ, როდესაც მოდის საამისო განწყობა, შეგრძნება, ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს და ვიწყებ ხატვას, და ისე ვასრულებ, ვერც ვიაზრებ, რომ მე დავხატე, თითქოს ეს ყველაფერი თავისით იქმნება.
 „ხელოვნება ქველმოქმედებისთვის“, – თაფლო ზარიძე მრავალი საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორია. მიხეილ სხვიტარიძის გადასარჩენად, დიდი შრომა გასწიე…  რამდენად ქველმოქმედია დღევანდელი საზოგადოება?15175486_1261302543942112_1570207819_n
– ადამიანის შემოქმედება ყველაზე მეტად სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს, საქველმოქმედო საღამოების მონაწილე ხშირად ვარ, ორგანიზატორი კი იშვიათად, რადგან დიდი ძალებია საჭირო საამისოდ, ისევ გაჭირვებული ხალხი ეხმარება ერთმანეთს, ყველაზე დიდი ქველმოქმედება ისაა, როდესაც თავადაც გიჭირს და სხვას ეხმარები, ასეთია დღევანდელი საზოგადოება, სურვილი მეტის კეთების აქვთ, ვიდრე შესაძლებლობა, მიხეილის ამბებში მრავალი ადამიანია ჩართული, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა. ისევ სჭირდება მას დახმარება…
ამჟამად ძალებს რატი გომართელის გადასარჩენად ვიკრებ და ადამიანების თანადგომის ძალიან დიდი იმედი მაქვს.
 პოეზიის საღამო და ნახატების გამოფენა ბათუმში გამართეთ
–  იშვიათად ვჩანვარ საზოგადოების წინაშე ჩემი შემოქმედებით, არ მინდა, ვინმეს მოვბეზრდე, არც იმხელა სიტყვა დამიწერია, რომ გამუდმებით ვიმეორო, ჩემთვის ვარ. წელს კი ორჯერ მიმიწვიეს ბათუმში, ჩემი ზღაპებით, ლექსებით და ნახატებით, ძალიან მიხაროდა, ლამაზი დღეები იყო, კარგია, რომ პასუხისმგებლობა დამაკისრეს და მოდუნების საშუალება არ მქონდა, 2016 წლამდე 10-წლიანი პაუზა მქონდა, წელიწადში ერთხელ ვხატავდი, ეგ თითქმის არაფერია, წელს გავვაქტიურდი და ძალიან მინდა, მომავალ წელს მქონდეს გამოფენა თბილისში.
პოეზიის საღამოები, გამოფენები, ძალიან მნიშვნელოვანია, ზრდის შემოქმედს და საშუალებას აძლევს,  საკუთარი შემოქმედება შორიდან შეაფასოს.
–  თაფლო ზარიძისეული თბილისი… 15239403_1263378360401197_1191383036_n
– თბილისი და ტკბილისი… ჩემთვის ძალიან მშობლიური, ლამაზი და ძვირფასია, თუმცა არქიტექტურულად, მრავალი რამ დამახინჯდა და ეს ძალიან მაწუხებს, ყოველ ნაბიჯზე უაზრო და ულამაზო კორპუსები იხლართება, სივრცე აღარ რჩება, მინდა ჩვენი დედაქალაქის არქიტექტურა ათასჯერ ლამაზი იყოს, ქუჩებს ხელოვნების ნიმუშები ამშვენებდეს, იყოს ბევრი ლამაზი ქანდაკება, უფრო მეტი ლამაზი სკვერი. მოკირწყლული ქუჩები რომ გადაასწორეს, ესეც ძალიან მეტკინა, პირიქით, მრავალი ქუჩა უნდა იყოს მოკირწყლული, ბევრი ჭადარი და ნეკერჩხალი იდგეს.
მიყვარს სიონი, მეტეხი, ანჩისხატი … კარგია, რომ ახალი ტაძრები შენდება.ზოგი ლამაზი ტაძარი აშენდა,ზოგი – პირიქით, ჩვეულებრივ კედლებს ჰგავს, სივრცეშიც არასწორადაა განლაგებული, მთავარი ასაშენებელი ადგილის პოვნა ხომ არაა? ადგილს სწორად შერჩევა სჭირდება, ყველა ტაძარი შედევრს უნდა ჰგავდეს, უნიკალურად დაწერილი ხატებით, ფრესკებით, ჩუქურთმებით, ქართული ორნამენტებით! არ უნდა ჰგავდეს დაუპროექტებლად აშენებულ სახლს, ასე მრავალი რამ ფუჭდება.
 შეშლილ სამყაროო, – უყვართ პოეტებს თქმა… სად არის გადარჩენა?
– გადამრჩენ ძალებს ადამიანები ისევ საკუთარ თავებში ვპოულობთ, გადარჩენა უღალატო, უბოროტო გულშია.
 „ბედნიერებას კი უბრალოებაში ვხედავდი მუდამ“, – ამბობ ერთგან. რას გულისხმობ?
– უბრალოება ყოვლისმომცველი გაგებით, ძვირფასი არაფერი მიყვარს, სრულიად არა მატერიალისტი  ვარ და მაბედნიერებს ყველაფერი უბრალო, უბრალო სამოსი, უბრალო ადამიანები, ენძელები, გირჩები, სოკოები, ხმელი ხეები…
რა არის სიყვარული, – რომელსაც უამრავი ლექსი მიუძღვენი?15128718_1261350677270632_764970767_n
ის, რაც წყვეტდა ჩემი სიკვდილ–სიცოცხლის საკითხს პოეზიიდან – ღმერთამდე. ის ყოვლისმომცველი გრძნობა, რომელიც სამყაროზე მაღლა იდგა და სიწმინდე, რომელიც ღმერთს უტოლდებოდა სიდიდით… სამწუხაროა, რომ დედამიწა ის ბანალური სივრცეა, სადაც ღვთაებრივი გრძნობები ვერ ხარობს…
 ყველაზე დიდი სახსოვარი?
– ალბათ ლექსები, რომლებიც ჩემზე დაწერილა, ან ნახატები, რომლებზეც მე ვარ. თითქმის არცერთს ჰქვია ჩემი სახელი, მაგრამ ისტორიას რჩება…
კიდევ, უსაზღვროდ მიყვარს პატარები და მათგან წამოსული სითბო და სიყვარული, ჩემი თუ ჩემი შემოქმედების მიმართ, ყველაზე ტკბილად მამახსოვრდება.
რატომ ხატავ პეპლებს?
–  პეპლები ის არსებები არიან, რომლებსაც მთელი ცხოვრება გავურბოდი… დღესაც ვერ ვეხები, მეშინია, თუმცა ძალიან ლამაზები არიან, პეპლები სამყაროს უზადო სამკაულებს გვანან, ერთადერთი, რასაც ახერხებენ, ლამაზად ცხოვრებაა, არამიწიერები არიან, მეც არამიწიერი ვარ და ძალიან მინდა ლამაზად ვიცხოვრო…
თბილი და ნათელი ფერები იყვარ
– მრავალი ფერი მომწონს… პერიოდულად მიმძაფრდება ხედვა რომელიმეს მიმართ…
საღებავებიდან ყველაზე მეტად მიყვარს იისფერი, ყვითელი, თეთრი…15207998_1263379563734410_746906993_n
რის გარეშე ვერ შეძლებდი ცხოვრებას?
– ადამიანი ყველაფრის არქონას უძლებს, მაგრამ რომ არ ვხატავდე და არ ვწერდე, ჩემი აღსასრულის ტოლფასი იქნებოდა.
  ლექსი, რომელსაც დასამახსოვრებელი ისტორია აქვს?
– ჩემს ლექსებში მთელი ჩემი ცხოვრება დევს, ვერაფერს ამოვარჩევ, შემოქმედი ადამიანის ცხოვრება ხომ თავადაა განუმეორებელი და დასამახსოვრებელი ისტორია.
ერთ ლექსს მაინც გაგაცნობთ, რომელშიც ჩვეულებრივად ემოციაა დალექილი…  რაღაც გარდატეხა მოხდა ჩემში. ეს ახალი ლექსიც ამის გამონათებაა.  ცხოვრებაში დასაკარგი რომ არაფერი გაქვს, უკვე აღარაფრის გეშინია, ტკივილის გაჩვეულებრივება და ტკივილთან შეგუება ხდება.

არ მეშინია

მზეს მოეკიდა ღვთიური ალი,
იისფერ სახით მი-მოდის ქუჩა,
ძოწისფერია ჩემი გრიგალი,
ეს შემოდგომა რომ გამიყუჩა…
ცისფერ წვიმებად ცაზე კივიან
ჩემს ტანს დაყრილი ცივი ლოდები,
მე აღარაფრის არ მეშინია,
მე აღარაფერს არ ველოდები…
სადღაც, გამხმარი შრიალებს სუნი
ნაგვირილარის, ნაენძელარის,
ყველა ვარსკვლავი შენისლულია
და ცისარტყელის შიში ელვარებს…
ათრთოლებული ვსკდები გვიმრებად,
მიწიდან ცამდე და მის იქითაც,
ნაძვებს ედებათ ორთქლი გრიმივით
და ამტვრევს ქარი ჰაერის ჭიქას…
მსურს, პოეზიის ვიგრძნო ფერება,
ჩემს წიაღშივე ლექსად ვწვიმდები,
და დახავსებულ ქანდაკებებად,
ციდან მოდიან ღრუბლის ჩრდილები…

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

15207886_1261302297275470_705238026_n15209023_1261303750608658_150249625_n

15208037_1261302077275492_1996800022_n-1 15211594_1261306570608376_1723891232_n15218192_1261301807275519_1547098416_n-115218656_1261306253941741_1544889049_n

15174442_1261306727275027_1038136880_n

15175346_1261303907275309_1287788536_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები