იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს საქმიანობაში 4 პრიორიტეტული მიმართულება გამოყო

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უწყების საქმიანობაში 4 პრიორიტეტული მიმართულება გამოყო.
„ოთხ მიმართულებას გამოვყოფ − ეს არის საკანონმდებლო რეფორმები, ეს გახლავთ უფლებები და თავისუფლებები, სერვისები და ახალი ტექნოლოგიები, რა მიმართულებებითაც მუშაობდა და გააგრძელებს  მუშაობას იუსტიციის სამინისტროს სისტემა. ეს გახლავთ აპარატი, 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირი, და ასევე, სისტემის ნაწილი, თუმცა დამოუკიდებელი, ჩვენი რეფორმების შედეგად − საქართველოს მთავარი პროკურატურა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამავე სხდომაზე, თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოხელეების შესახებაც ისაუბრა, განმარტა თუ რა გააკეთეს მათ ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესების დადებითად დასრულებისათვის.
„იუსტიციის სამინისტრო, ძალიან ბევრი მიმართულებით, მთლიანად მთავრობა, მუშაობდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის, მუშაობდა ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური დავალებების შესრულების წარმატებით დასრულებისთვის, რაც 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მიერ იქნა აღიარებული და მე, რა თქმა უნდა, არ მეყოფა ის დრო, რაც მაქვს მოცემული, რომ იუსტიციის სამინისტროს როლზე ვისაუბრო, იმაზე, თუ რა გააკეთა თითოეულმა საჯარო მოხელემ იმისთვის, რომ ეს პროცესი დადებითად დასრულებულიყო. თქვენ როგორც იცით, ბურთი ახლა არის ევროკავშირის მოედანზე და ველოდებით მათ პასუხს. ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ, ქართველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პროცესი წარმატებული ყოფილიყო“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები