მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალურ მოძრაობას” მრავალათასიანი ყრილობის ჩატარებისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მრავალათასიანი ყრილობის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” არასოდეს ყოფილა ერთი ლიდერის ან ვიწრო ჯგუფის საკუთრება, პარტიაში ყოველთვის ხალხი და აქტივი იყო ლიდერი და არა რომელიმე ჯგუფი ან ორგანო. სააკაშვილი საზოგადოებას ახსენებს, რომ 2003 წლიდან დღემდე, ყველა ყრილობა იყო მრავალრიცხოვანი და მისი აზრით, ახლაც მრავალათასიანი ყრილობაა საჭირო.
”მეგობრებო, დღეს, როგორც არასდროს, ერთიანი ”ნაციონალური მოძრაობის” როლი შეუცვლელია ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. ამ მოცემულობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა გზას აირჩევს ახლა ჩვენი პარტია: გადაიქცევა ხალხისგან იზოლირებულ ვიწრო პარტიულ ჯგუფად და ამ ჯგუფის მიერ დაშვებულ შეცდომებს, რამაც გაუადვილა ივანიშვილს ამოცანა, დაამატებს ახალ შეცდომებს თუ, ამის საპირისპიროდ, ავანგარდში ჩაუდგება საერთო სახალხო დემოკრატიულ მოძრაობას. ჩემთან შემოსულია ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის დელეგატთა შერჩევის ორი თვისობრივად განსხვავებული წესი.
პირველი წესი ითვალისწინებს ყრილობის ჩატარებას 2 ათასი დელეგატის შემადგენლობით, მეორე წინადადება კი ყრილობის ბევრად უფრო წარმომადგენლობით მოდელს გვთავაზობს – მინიმუმ სამჯერ მეტი დელეგატის მონაწილეობით”, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში. მისი თქმით, პირველი წესი არ არის საკმარისად წარმომადგენლობითი, დემოკრატიული და არ აქვს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი, ასევე, მიუღებელია ამ ვარიანტში მოყვანილი დელეგატების შერჩევის წესიც.
სააკაშვილი მიმართვაში აცხადებს, რომ პარტია არ ისმენს ამომრჩევლების და წევრების აზრს, რაც, როგორც სააკაშვილი ფიქრობს, სერიოზულ ზიანს მოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“.
”დღეს პარტიის უმრავლესობას აქვს განსაკუთრებული სურვილი, რომ თავად ჩაერთოს პარტიის ბედის გადაწყვეტაში. ამას ორიათასდელეგატიანი ყრილობა ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს. ასეთი მიდგომა გააჩენს ჩვენი მთავარი ამოცანების მიღწევისთვის უკიდურესად საზიანო განცდას, რომ პარტია არ ისმენს თავისი წევრების და ამომრჩევლების უმრავლესობის აზრს. ჩემი ღრმა რწმენით, ეს სხვა არაფერია, თუ არა არასათანადო პატივისცემა საკუთარი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მიმართ. ეს სრულიად დაუშვებელია. ეს ყრილობა არის ახალი ეტაპი პარტიის ისტორიაში და ამ ეტაპის უმთავრესი გამოწვევა არის ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა. მე, ისევე როგორც პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა უმრავლესობა, ვთვლი, რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში ჩვენი ყრილობა უნდა დაეფუძნოს ხალხის ჩართულობასა და მაქსიმალურად ღია და ფართო მონაწილეობის შესაძლებლობას”, -აცხადებს მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები