ფეისბუქის მომხმარებლები "ნაციონალებს" 26 მაისს აქციის დარბევას ახსენებენ
სოციალურ ქსელში, ევრომაიდანზე აქციის დარბევის ამსახველი ფოტომასალის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოში აქციის დარბევის ამსახველი ფოტოებიც გაჩნდა. კერძოდ, ფეისბუქის ქართველი მომხმარებელი საზოგადოებას 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის კადრებს კიდევ ერთხელ ახსენებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოკოლაჟს ასეთი კომენტარი აქვს დართული: „ყველამ, ვინც გმობთ ადამიანთა წამებას და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, გააზიარეთ!!!“. ფოტოკოლაჟი უკვე ფეისბუქის 3500 -მდე მომხმარებელმა გაიზიარა.
დღეს ამ კადრების გამოქვეყნება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს მოჰყვა. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანი“ უკრაინის მოვლენებს სრულად დაეთმო, სადაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და მისმა თანაგუნდელებმა კატეგორიულად დაგმეს კიევში აქციის დარბევის ფაქტი.