საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – „FITOUR 2014“ ქართული მხარეც მონაწილეობს

  მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ქართული სტენდი წარდგება- ამის შესახებ „კვირას“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. როგორც „კვირას“ უწყების პრესცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „FITOUR 2014“ მონაწილეობს. მისი თქმით, გამოფენა-ბაზრობაში, სადაც 166 ქვეყნის 10 644 კომპანია მონაწილეობს, 7532 ჟურნალისტი და 124 700-მდე ვიზიტორი ესწრება. მადრიდში გამართულ გამოფენაზე საქართველო უკვე მე-7 წელია მონაწილეობს. „FITUR 2014”-ში საქართველოს სტენდზე წარმოდგენილნი არიან შემდეგი კომპანიები: „Visit Georgia“, „Georgica Travel“, „Georgian Discovery Tours“, „Caucasus Travel“ და „Concord Travel“.
ესპანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან 2013 წლამდე ესპანეთიდან ტურისტების 26% -იანი ზრდა დაფიქსირდა. „FITUR 2014“ ესპანეთის პრინცმა ფილიპმა გახსნა, გამოფენის ოფიციალურ გახსნას ასევე ესპანეთის ტურიზმის, ენერგეტიკისა და ინდუსტრიის მინისტრი ხოსე მანუელ სორია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ. ოფიციალური გახსნის შემდეგ მათ მოინახულეს საქართველოს სტენდი. მინისტრმა ხოსე მანუელ სორიამ ესპანეთი-საქართველოს ერთობლივი ბიზნესფორუმის ჩასატარებლად მზადყოფნა გამოთქვა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურად მიიპატიჟა. საქართველოს სტენდი ევროპის რამდენიმე ქვეყნის მინისტრთან ერთად მოინახულა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის პროგრამის კოორდინატორმა ბექა ჯაყელმა. შეგახსენებთ, რომ აპრილში დაგეგმილია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ტალებ რიფაის ვიზიტი საქართველოში, სადაც მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები