„კომბლე რა კაცია”?! – რას ფიქრობენ ქართულ ზღაპრებზე, ფსიქოლოგები და ხელოვანები

„კომბლე რა კაცია“?! – ეს არის კითხვა, რომლის გარშემოც ბოლო რამდენიმე დღეა ქართულ საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში მსჯელობა არ წყდება. ყველაფერი კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ ქართულ მულტფილმებსა და ზღაპრებზე გაკეთებული შეფასებით დაიწყო.
მინისტრმა კომბლეს მოძალადე და ცუდი მეცხვარე უწოდა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართული ზღაპრების გმირები ბავშვებზე გავლენას ახდენენ.
მისი შეფასებით, კომბლე იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, ის მხოლოდ კომბლის მთლელია.
მინისტრის შეფასება, საზოგადოების ნაწილისთვის მისაღები და საყურადღებო აღმოჩნდა, თუმცა თავის მხრივ, უამრავი დამცველი გამოუჩნდა კომბლესაც.
მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ განათლების სისტემაში უამრავი პრობლემა არსებობს, ამ დროს კი მინისტრი კომბლეს ლანძღავს, მეტიც, ალექსანდრე ჯეჯელავას კომბლეც კი უწოდეს.15032395_541224742750380_1676133875_n
„კვირა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ კომბლეზე და ზოგადად ქართულ ზღაპრებზე ქართველი ფსიქოლოგები, მწერლები და პოეტები. არის თუ არა შესაცვლელი ქართული ზღაპრები და ახდენს თუ არა ამ ზღაპრებში ჩადებული მორალი ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას.
ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი ამბობს, რომ ბავშვისთვის ზღაპრის წაკითხვა მხოლოდ წაკითხვით არ უნდა სრულდებოდეს და ამას უნდა მოჰყვეს განხილვა – თუ რა მოეწონა, რა არ მოეწონა ბავშვს ზღაპარში, რა იყო მისი აზრით სწორი და რა არასწორი.
მანანა მელიქიშვილი ამბობს, რომ ქართულ რეალობაში მართლაც არსებობს ზღაპრები, რომელთა ღირებულებაში მასაც ეპარება ეჭვი.
რაც შეეხება უშუალოდ “კომბლეს“, ფსიქოლოგის თქმით, გააჩნია რა აქცენტებს დასვამს ზღაპრის მკითხველი და როგორ აუხსნის ის ბავშვს კომბლეს ქმედებას.
ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ „კომბლეში“ თავის დაცვის მიზნით გამოყენებული აგრესიაა.
„ზღაპრის მოთხოვნილება თვითონ ბავშვს გააჩნია. ზღაპრის გარეშე ბავშვის არსებობა ჩათვალეთ, რომ წარმოუდგენელია. ალბათ გინახავთ ბავშვი, რომელიც ითხოვს მშობელს, რომ წაუკითხოს მას ესა თუ ის ზღაპარი ანუ გამოდის, რომ ეს მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ჯერ ერთი იზრდება ბავშვის ენობრივი მარაგი, შემდეგ გამოცდილებას იძენს, ის ეცნობა ცხოვრებას, რეალობას და იმ პრობლემებს რომელიც შეიძლება მას რეალურ ცხოვრებაში შეხვდეს. ზღაპარში ყოველთვის არის გადაწყვეტილი – სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. მე ვგულისხმობ კარგ ზღაპრებს და არა ცუდ, გაუგებარი ღირებულების მქონეს. თვითონ ბავშვისთვის არის სასარგებლო. ის ავარიდოთ სირთულეებს ნეგატიურ ემოციას ეს მაინცდამაინც სწორი არ არის. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ, რომ ბავშვი იყოს სულ ნეგატიურ ემოციებში, მაგრამ მას გარკვეულწილად აუცილებლად შეხვდება ცხოვრებაში რაღაცა პრობლემა თუ ჩვენ ყველანაირად ავარიდებთ მას ცუდად დამთავრდება ეს მისთვის.
ნამდვილად არ არის საკმარისი მხოლოდ ზღაპრის წაკითხვა, მთავრია ზღაპრის წაკითხვის შემდეგ ამას მოყვეს გარჩევა. უნდა დავუსვათ ბავშვს კითხვები: რა მოგეწონა ამ ზღაპარში? რა არ იყო სწორი? ვინ არ მოიქცა სწორად? შენ როგორ მოიქცეოდი? შეიძლება დავახატინოთ მისი ემოცია, ანუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა პოზიტიურად მოქმედებს.
როცა სენსიტიურია ბავშვი რაღაცა პრობლემების მიმართ განსაკუთრებით შევურჩიეთ ზღაპრები. ყველა ასაკის ბავშვს თავისი შესაფერისი ზღაპარი უნდა წავუკითხოთ იმ პრობლემატიკაზე რაც მისთვის არის აქტუალური, რომელიც არის მისთვის გასაგები. რაც უფრო პატარა ასაკის ბავშვია მით უფრო მარტივი უნდა იყოს მსჯელობები. აქვე მინდა ვთქვა, რომ არსებობს ზოგიერთი ქართული ხალხური ზღაპარი, რომლის ღირებულებაში ეჭვი მეპარება, ასე სახელწოდებას ვერ გეტყვით.
აი ტრადიციულ ზღაპრებზე, რომ ვთქვათ აქ არის ყოფითი პრობლემები ასახული. კომბლე ასე უნდა გავარჩიოთ, ასეთი სახით უნდა წავიყვანოთ მსჯელობა წაკითხვის შემდეგ – კომბლე უვლიდა თავის ცხვრებს, პასუხისმგებელი იყო თავის ცხვრებზე თუ რაღაცა მოუვიდოდა. მგელი არის მგელი, რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს და უნდა გაეცნოს. თქვენ რომ არ უთხრათ ეს ზღაპარში, რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა მედიის საშუალებით გავრცელებულა მგელმა დაგლიჯა ცხვრები და ამას მაინც იგებს ბავშვი. ეს ხომ არ არის მოგონილი ამბავი. გააჩნია როგორ აქცენტებს გავუკეთებთ, პოზიტიურზე უნდა იყოს ხაზი გასმული ის იცავს იმ ცხვრებს, რომელზეც პასუხისმგებელია ანუ თავის ვალდებულებებს ასრულებს. ჩვენი ქართული ხალხური ზღაპრები, რომ გავურჩიოთ და აქცენტები გავუკეთოთ არაფერს ცუდს არ მისცემს. მით უმეტეს ზღაპარს დასასრული ყოველთვის კეთილი აქვს“, – განუცხადა “კვირას“ მანანა მელიქიშვილმა.
მისივე თქმით, ბავშვები იმ ზღაპრის წაკითხვას ითხოვენ რამდენჯერმე, რომლის პრობლემაც და საკითხიც მათთან ახლოს არის.
„შეიძლება წითელქუდაზე ცრემლები წამოუვიდეს, მაგრამ თუ ჩვენ არ განვიცდით სხვის ტკივილს ვერ გავხდებით მგრძნობიარე, რადგან მას გამოცდილება ამის საერთოდ არ აქვს. სწორად უნდა იყოს წაკითხული და აუცილებლად შეკითხვები ბავშვთან უნდა იყოს. ასევე მიჯაჭვულობა იზრდება მშობელსა და ბავშვს შორის ამ დროს და კონტაქტია, ემოციური კავშირია ესეც უწყობს ხელს. თუმცა არის ზღაპრები, რომელიც მაინცდამაინც დიდი ღირებულების არ არის და შევარჩიოთ ეს ზღაპრები და წაუკითხოთ. იგივე „წიქარაში„ აქცენტია მეგობრობაზე, თავდადებულები არიან ერთმანეთის მიმართ. ნაცარქექია ავიღოთ როცა ძალიან ღონიერია, ჯობია ეშმაკობა იხმარო მაინცდამაინც კი არ უნდა იჩხუბო, აი დევს აჯობა ეშმაკობით რა არის ამაში ცუდი? – მე ვერ ვხედავ.
ჰუმანური არის ის ზღაპარი, რომელიც პოზიტიურად მთავრდება. სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. ზღაპრებში ასე ხდება. ბავშვები იმ ზღაპრის წაკითხვას ითხოვენ რამდენჯერმე, რომლის პრობლემა მასთან ახლოს არის. მთავრია პოზიტურად მთავრდებოდეს ზღაპარი. კომბლეში არის თავის დაცვის მიზნით გამოყენებული აგრესია. ინსტრუმენტული აგრესია და არა რომ ესხმის ვიღაცას თავს. ზღაპარი აუცილებელია მისი გარჩევით“, – აცხადებს მანანა მელიქიშვილი.
პოეტი გივი ალხაზიშვილი მიიჩნევს, რომ ზღაპრების შინაარსს ზოგიერთები სწორხაზოვნად უყურებენ და ასეთივე შეფასებებს აკეთებენ, მაშინ როცა ზღაპრის იგავური მნიშვნელობაც გასათვალისწინებელია.
რაც შეეხება “კომბლეს“, პოეტი არ იზიარებს ზღაპრის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და ამბობს, რომ მისი თაობის ბავშვებსაც უკითხავდნენ ამ ზღაპარს, თუმცა სავალალო შედეგი არ დამდგარა.15057823_541224399417081_988514157_n
„ნებისმიერი ზღაპარი ეს არის იგავური ხასიათის, ეს არის ცნობილი და ამიტომ მათემატიკოსები ამას პირდაპირ უყურებენ სწორხაზოვნად და სწორხაზოვნად უყურებენ აგრეთვე სხვებიც. გასაგებია დამოკიდებულება, რომ „იმან ეს შეჭამა და მერე კიდევ მუჭიდან ამოიღო“, – ეს ყველაფერი არის ერთი შეხედვით ამაზრზენი, მაგრამ მისი იგავური მნიშვნელობაც უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, ამას არ ითვალისწინებენ, ზოგიერთები, ზუსტი მეცნიერების ხალხი. ამიტომ ამას უნდა დაკვირვებით წაკთხვა.
ამიტომ, რომ გადავაფასოთ ჩვენ თავიდან ბოლომდე ქართული ხალხური ზღაპრები, შემოქმედება მაშინ მოგვიწევს მთელი ხალხური შემოქმედების გადაყრა. კი ბატონო, იქ არის წარმართული სიტუაციის გავლენები, ეს ვლინდება არამარტო ადრინდელში არამედ დღევანდელ ქრისტიანულშიც. ჩვენ ქართულ ზღაპრებზე, რომ ვთქვათ არაჰუმანურიაო არ იქნება სწორი. კომბლეს რას ერჩოდნენ მე არ ვიცი. ასე გავიზარდეთ, ჩვენ სადისტები ვართ? მკვლელები ვართ ჩამოყალიბებული? თუ როგორ არის? არ არის ასე, ამას ჩვენ სხვანაირად ვუყურებდით. ახლა ერჩიან ამ ხალხურ ზღაპრებს და უნდათ ხალხური შემოქმედება ამოიღონ სკოლის პროგრამიდან და სამაგიეროდ თქვენ შეეკითხეთ რა შეაქვთ? ძალიან უნიჭო ავტორები“, – აცხადებს  გივი ალხაზიშვილი.chalaba
კიდევ უფრო კრიტიკულია მინისტრის მოსაზრების შეფასებისას პოეტი თემურ ჩალაბაშვილი.
„ქართული ზღაპარი რომ არ იყოს, ადამიანები გარდაიცვლებოდნენ დაბადებიდანვე. გაანებონ თავი, თავისი შექმნან და კომბლე მერე გააკრიტიკონ. ვინც აკრიტიკებს, ჯერ თავისი შექმნას, კრიტიკა იოლი ფორმაა, რას აკეთებ შენ?!“, – აცხადებს ჩალაბაშვილი.
პოეტი მზია ხეთაგური ამბობს, რომ ქართული ზღაპრების ერთიანად სხვა ზღაპრებით ჩანაცვლება დაუშვებელია, მისი თქმით, შესაძლებელია ეს ზღაპრები იგივე “კომბლე“, თანამედროვე, უფრო გასაგები ენით მიეწოდოთ ბავშვებს.
„დიდი ხანია უკვე არსებობს იგივე კომბლე თუ სხვა, რომლებსაც ბავშვებს ჩვენ ვასწავლიდით შესაძლოა უფრო თანამედროვედ, უფრო გასაგებად მიაწოდო ბავშვებს, მაგრამ მისი ძირეული შეცვლა არ არის სწორი. ზღაპარში დედინაცვალი იქნება, თუ სხვა ზღაპრები – „იმან ის სცემა, იმან ის დასცხო“ – გასაგებია, რომ არის აგრესია გარკვეული, მაგრამ ეს არის გამოწვეული ვითარებიდან, როცა უსამართლობა ხდება ან პირიქით ვიღაც სხვა იქცევა უსამართლოდ. ამის ჩვენება აუცილებელია, რომ უსამართლო მოქცევის მიმართაც შენ უნდა გქონდეს შენი პოზიცია და იმის მიმართაც ვისაც უსამართლოდ ჩაგრავენ. 10689457_1553796494883674_7444474130026156477_n
თორემ აგრესია ყველა ზღაპარშია. თანამედროვე „ჰარი პოტერიც“ რომ ავიღოთ, არის უამრავი აგრესია. ასე მგონია, რომ თანამედროვეობას ძალით ახვევენ თავს უკვე ღირებულებებს. ჩვენი ბავშვები ისეთ რამეებს სწავლობენ, ისეთ რაღაცებს უხსნიან, იმდენი აკრძალული თემაა მათთვის ხელშესახები, არა მგონია, ამან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს ბავშვის ფსიქიკაზე. ეს არის ჩვენი ხალხური ღირებულებები და მოდის ისტორიიდან, ჩვენი მდგომარეობიდან. გარკვეულწილად ვეთანხმები კიდეც ზოგიერთ მომენტს, მაგრამ სხვა რამეს მიაქციონ ყურადღება, რაც მართლა აწუხებს საზოგადოებას“, – განუცხადა “კვირას“ მზია ხეთაგურმა.
მინისტრის მოსაზრებას იზიარებს 3 წლის დემეტრე ახობაძის მშობელი.
ის ამბობს, რომ მისთვის დღემდე რთული აღსაქმელი და ასახსნელია “ჩიტი-ჩიორას“ მორალი, თუ რატომ უყრის ბარტყებს მელიას ჩიტი ჩიორა.
“კომბლესთან დაკავშირებით მინისტრის მოსაზრებას ვეთანხმები, მაგალითად არასოდეს მესმოდა „ჩიტი-ჩიორას“ “გადაწყვეტილება“, ბარტყებს, რომ უყრიდა მელას და ჩემმა შვილმაც, რომ მკითხოს რითი უნდა ავხსნა ჩიტის ეს საქციელი არ ვიცი, ასე, რომ ბევრი რამ გადასახედია, არ ვამბობ იმას, რომ მთლიანად უნდა შეიცვალოს ყველაფერი, მაგრამ ალბათ კარგი იქნებოდა ბაღებში არსებობდეს შესაბამისი პროგრამა, რომელიც იქნება გამოცდილი კვალიფიციური სპეციალისტების შედგენილი და ამ პროგრამით სწავლობდნენ შესაბამის საფეხურებზე ბავშვები“, – ამბობს მშობელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები