შალვა ოგბაიძე ტექდათვალიერებაზე: მოსახლეობის 90% მთავრობის აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს

„საქართველოს საავტომობილო ფედერაცია“ ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებულ ინიციატივას მნიშვნელოვან და საჭირო გადაწყვეტილებას უწოდებს.
„საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის 90% მთავრობის აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს.
„სოციალურ ქსელში უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია ამ ფაქტმა, მოსახლეობის 90% იწონებს ამ გადაწყვეტილებას. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტექდათვალიერების მოთხოვნა ეს არის საზოგადოების დაკვეთა. მე, როგორც ერთი მოქალაქე, გახარებული ვარ ამით. მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში არ დავამკვიდრეთ ცხოვრების ევროპული ნორმები, მაშინ ევროპეიზმი მხოლოდ შენგენის ვიზის მოპოვებაზე დავაა“, – განაცხადა ოგბაიძემ.
ამასთან, შალვა ოგბაიძეს მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა არის ევროპული ცხოვრებისკენ გადადგმული ერთი პატარა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯი.
„არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ იარსებებს კორუფცია ამაში, თუმცა მიმაჩნია, რომ ქართველმა გემო გაუგო კორუფციის გარეშე ცხოვრებას და ეს აღარ მოხდება. ტექდათვალიერება ეს არ არის გადასახადი, ეს არის ნაკლები კიბო, ნაკლები სიმსივნური და ონკოლოგიური დაავადება, ეს არის ნაკლები ავარია უმუხრუჭობის გამო, ან საჭის გადატანის გამო. ტექდათვალიერება ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენი ავტომობილის გამართულობას პერიოდულად შევამოწმებთ“, – უთხრა „პირველს“ შალვა ოგბაიძემ.
ავტომობილების სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებით, მთავრობა საერთაშორისო კომპანიას დაიქირავებს. მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირების ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. რეფორმაში 30 მლნ. დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. ავტომობილების ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. მისი ფასი 40 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები