გიორგი მარგველაშვილმა ადვოკატის დღესთან დაკავშირებით სასწავლო ცენტრი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადვოკატის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია და სასწავლო ცენტრი გახსნა.
როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროექტი “იურიდიულ პროფესიაში შესვლის, ახალი სტანდარტების დანერგვის, რეფორმის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა“, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა, მიზნად ისახავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ განვითარებასა და ადვოკატის სავალდებულო სტაჟირების სისტემის დანერგვის ხელშეწყობას.
საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატთა ასოციაციისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადვოკატთა სასწავლო ცენტრი ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებას ემსახურება, რის გარეშეც შეუძლებელია ქვეყანაში შედგეს სამართლიანი საზოგადოება, სამართლიანი სასამართლო, შედგეს სამართლებრივი სახელმწიფო.
„ადვოკატის პროფესია, ძალიან ძლიერ მორალურ სიმტკიცეს მოითხოვს, რადგან თქვენ ითავისებთ ბრალდებულის პოზიციას და ცდილობთ საზოგადოებას და სახელმწიფოს დაუმტკიცოთ, რომ ყველა ბრალში არსებობს რაღაც გამამართლებელი საბუთები, გამამართლებელი პოზიცია. თქვენ იცავთ სწორედ იმას, რის დაცვასაც საქართველოს კონსტიტუცია მეც მავალებს – ადამიანის უფლებებს. ყველა ადამიანის უფლებაა მიიღოს სამართლიანი სასამართლო.
თქვენ ბევრი რამე გადაიტანეთ. ჩვენ გვსმენია იმ ადვოკატების შესახებ, რომელთაც სისტემა ხშირად ძალიან ბრუტალურად ექცეოდა და გვსმენია იმის შესახებაც, როგორ მტკიცედ ერთიანდებოდით თქვენ მათ დასაცავად. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საზოგადოებაში, რომელიც ვითარდება, ხშირადაა გადაცდომები.
მიხარია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეები უნდა დაიცვან, თავიანთი პროფესიული ცოდნის ნაწილს აქ, ამ სასწავლო ცენტრში მიიღებენ. გარკვეულწილად, ის საქმე და თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ შორის შედგა, დაეხმარება მათ, ემსახურონ მთავარს – ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას, რომელშიც ადამიანები, სამართალზე დაყრდნობით, აშენებენ ძლიერ სახელმწიფოს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ადვოკატთა ასოციაციაში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ადვოკატთა კორპუსს თავისი პატივისცემა და მხარდაჭერა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რაიმე ტიპის ზეწოლა იქნება ადვოკატებზე, თავიანთი საქმიანობის განხორციელების პროცესში, მე განსაკუთრებით მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდით ვდგავარ და მზად ვარ, გავაკეთო შესაბამისი პოლიტიკური განცხადებები, რადგან ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ.
ჩემი ფუნდამენტური პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვაშია, რეალურად, ყოველდღიურობაში კი, ამას ახორციელებთ თქვენ და თქვენზე ნებისმიერ ზეწოლას მე განვიხილავ იმ ღირებულებებზე ზეწოლად, რომელთა დაცვასაც მეც და თქვენც გვავალებს კონსტიტუცია”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სასწავლო ცენტრში სტუმრობისას გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები