თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით ოპტიმიზაციას გეგმავს

თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით ოპტიმიზაციას განახორციელებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც 100-დღიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, ეს ეხება გენერალური შტაბს, სახმელეთო ჯარებს, ავიაციასა და საჰაერო თავდაცვას, სამხედრო პოლიციას, ლოჯისტიკურ დანაყოფებს და საშტატო წოდებრივ მიმართულებებს.
”გენერალურ შტაბში ჩვენ უკვე შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმა, თუ რომელი დეპარტამენტები უნდა გაუქმდეს. მართალია, ფუნქციები არ გაუქმდება, მაგრამ უნდა შეიკვეცოს მათი დანიშნულებიდან გამომდინარე და ჩამოყალიბდეს ან სამსახურების ან სამმართველოების სახით. საუბარია ცალკეულ დეპარტამენტებზე და საუბარია ასევე ცალკეული დეპარტამენტების და სამმართველოების სტანდარტიზაციაზე. დეპარტამენტები და სამმართველოები იქნება ერთნაირი მოცულობის და მათ შორის დისბალანსი აღარ იქნება, ესეც ნატო-ს სტანდარტია.
დღეს არსებობს 5 სამანევრო ბრიგადა. ვგეგმავთ, რომ დარჩეს 4 ბრიგადა. ეს, ბუნებრივია, დაკავშირებულია როგორც ამ ბრიგადების, ისე ასეულების, ბატალიონების რაოდენობასთან, მათ ლოკაციასთან და დაბალანსებასთან და საფრთხეების ადეკვატურობასთან. გვაქვს უკვე კონკრეტული მოცემულობა თუ რა რაოდენობის, რა შემადგენლობის უნდა იყოს ბრიგადები და რა ლოკაციებზე უნდა იყვნენ განთავსებულნი. ზოგიერთი ბრიგადა არის შიგ ქალაქში და საფრთხის შემთხვევაში მას მანევრირების და მობილური მოქმედების საშუალება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ლოკაციის განსაზღვრაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ოპტიმიზაციის კუთხით.
ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ტექნიკის ოპტიმიზაციაზე, შემდეგ, შვეულმფრენების შესაძლებლობების განვითარებაზე და საჰაერო თავდაცვის სისტემაზე. ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტული თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს ფრანგულ მხარესთან და ისინი უზრუნველყოფენ როგორც ექსპერტების დონეზე, ისე ტექნიკური თვალსაზრისით ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შესაძლებლობის გაზრდაზე”, – განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საგანია სამხედრო პოლიცია.
”სამხედრო პოლიციაში უნდა გაიმიჯნოს საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო და პოლიციური ფუნქციები. პოლიციური ფუნქცია უნდა იყოს პრევენციაზე ორიენტირებული. სამხედრო პოლიციას, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობა სამართალდარღვევაზე რეაგირების, თუმცა როგორც დასავლურ ქვეყნებშია აპრობირებული – საგამოძიებო ფუნქციები ექნება სამოქალაქო ოფისს. შესაბამისად, სამხედრო პოლიცია იქნება ძირითადად სამხედროებისგან დაკომპლექტებული, რომელიც თავისი რეპუტაციით გამოირჩევა სხვებისგან”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
იზორიას განცხადებით, მნიშვნელოვანია საშტაბო წოდებრივი კატეგორიების ოპტიმიზაციაც.
”კერძოდ, არის პოლკოვნიკთა შტატების დიდი რაოდენობა. ის სტანდარტიზაცია მოგვცემს შესაძლებლობას ეს შტატები შევამციროთ, რაც მოხდება კომპენსაციის საფუძველზე”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები