„კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტს აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება“ – ირაკლი ქადაგიშვილი
“ის, რასაც ქართული ოპოზიცია დღეს წარმოადგენს, მათი ქმედებები, პირდაპირ უკავშირდება ხშირ შემთხვევაში ისეთ ქმედებებს, რომელიც უკვე არა რომელიმე პარტიას ან პოლიტიკურ პროცესს, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ის, რასაც ქართული ოპოზიცია დღეს წარმოადგენს, მათი ქმედებები პირდაპირ უკავშირდება ხშირ შემთხვევაში ისეთ ქმედებებს, რომელიც უკვე არა რომელიმე პარტიას ან პოლიტიკურ პროცესს, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. აქედან გამომდინარე, რამდენად არის მათი ეს საქმიანობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი, ამას შესაბამისი საგამოძიებო შეფასება და ქმედებების ჩატარება სჭირდება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტს აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება. საკითხები, რომელთა გარშემოც იქნება ეს პოლიტიკური გამოძიება ჩატარებული, უამრავია. დაწყებული ადამიანის უფლებების დარღვევით, დამთავრებული 2008 წლის ომის საკითხებით. აქ საუბარია როგორც ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, ბიზნესის წართმევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არჩევნებში ჩარევის და არჩევნებით მანიპულაციის საკითხებზე. ამიტომ, საკითხთა წრე ძალიან ფართოა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ინტერესი საზოგადოებაშიც რეალურად არსებობს,“ – განმარტა დეპუტატმა.