“თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის” – გიორგი კალანდარიშვილი
“თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის მაშინ, როდესაც ლოგიკური ფორმულა არის ის, რომ ჯერ გაქვს რაღაც მტკიცებულება ან ფაქტი, შემდეგ ამ ფაქტიდან, მტკიცებულებიდან რაღაც შეფასებას, ანალიზს აკეთებ და შემდგომ ასკვნი, რომ რაღაც ისე მოხდა, ან ასე მოხდა, რაღაც გაყალბდა ან არ გაყალბდა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში” საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
„ვისმენდით, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები და ეს სამი თვეა, სხვადასხვა ბრალმდებელი მხარეები, ანუ ის ჩართული მხარეები, რომლებიც ფიქრობენ მიზანმიმართულად, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე თუ სხვადასხვა მოტივებიდან გამომდინარე, რომ თითქოს სხვა შედეგი დადგა, ძიება იმისა, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები. ამ ფონზე ჩვენ ვისმენთ, რომ არ ენდობიან პროკურატურას, არ ენდობიან საარჩევნო ადმინისტრაციას.
სხვათა შორის, მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გახლავთ ის ორგანო, რომელიც ყველა დონეზე არჩევნების დღისთვის შედგებოდა 17 წევრისგან და ამ 17 წევრში 9 იყო პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული, საიდანაც ერთი წარმოადგენდა მმართველ პარტიას, ხოლო დანარჩენი 8 სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას. როდესაც ვსაუბრობთ საუბნო საარჩევნო კომისიებზე, საოლქო საარჩევნო კომისიებზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მათ შორის მანდ, იყვნენ პოლიტიკური პარტიების საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა. განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც სულ 9 განსხვავებული აზრი დაიწერა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. საუბარია ათი ათასობით ადამიანზე. საერთო ჯამში 54 ათასზე მეტმა საარჩევნო ადმინისტრატორმა გაუწია ამ პროცესს ადმინისტრირება. შემაჯამებელი ოქმები, ის საჩივრები, რომლებიც კენჭისყრის დღესთან მიმართებით დაიწერა, იქ არ ყოფილა წუხილები და პრობლემური საკითხები წამოწეული ამ ადამიანების მხრიდან. რას ნიშნავს ეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ, რომ არ ვენდობით საარჩევნო ადმინისტრაციას, ანუ არ ვენდობით კომისიის ჩემივე დანიშნულ წევრებს? ვგულისხმობ 9 პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ წევრს“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.