„ყველა პორტრეტს ღამით ვქმნი. ჩემს სამყაროსთან სიჩუმეში ვრჩები“ – ფერმწერი ხათუნა ოქროპირიძე, ბალერინები და მეუღლის სურათის გადამალული ვერსია

ცხოვრობს რუსთავში, სამხატვრო კოლეჯის დასრულების შემდეგ,  დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, ფოლკლორისა და ტრადიციული ქართული ხელოვნების (გობელენი) სპეციალობით. თუმცა, ამბობს, რომ ფერწერა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, გამორჩეულად კი ბავშვის პორტრეტების ხატვა უყვარს.
არის რუსთავის მხატვართა გაერთიანება „გამას“ და მხატვართა კავშირის წევრი.  –  ფერმწერ  ხათუნა ოქროპირიძის პერსონა.

– დავიბადე და გავიზარდე რუსთავში. ბავშვობა ფერადი ზღაპარივით მახსენდება. საინტერესო იყო ის შთაბეჭდილებები და მოგონებები, როცა სასწაულების გჯერა, თოვლის ბაბუის, მშობლების დამსახურებით.
პირველი ნახატები…
– ბავშვობიდან ვხატავ, როგორც ყველა ბავშვი, სანამ დაიწყებს საუბარს. თუმცა რაც მახსენდება და რამაც მეხსიერებაში დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა, იყო ის დღე, რომელმაც გადამაწყვეტინა გამხდარიყავი მხატვარი. დეიდამ მაჩუქა აკვარელის საღებავები და ჩამიტარა მასტერკლასი. პირველი ნახატი აკვარელში შესრულებული (პეპელა) იყო. დღესაც მახსოვს საღებავის თაფლის სუნი და ბედნიერების ის განცდა, რაც პროცესს მოაქვს. მაშინ ნამუშევარი ყველას მოეწონა და ოჯახშიც მაღიარეს.
 სიურეალიზმით დაიწყეთ თქვენი შემოქმედების გზა…
– პირველი ნაბიჯები და საკუთარი თავის ძიება დავიწყე სწორედ სიურეალიზმის მიმართულებით.
ეს იყო სალვადორ დალის შემოქმედების ზეგავლენა, შემიყვარდა და დღემდე მიყვარს ყველა მისი ნამუშევარი. ის იყო და არის დიდი არტისტი.
– რუსთავის სამხატვრო კოლეჯი დაამთავრეთ, შემდეგ გობელენის განხრით განაგრძეთ სწავლა…
– სკოლა რომ დავამთავრე, სწავლა  რუსთავის სამხატვრო კოლეჯში, ფერწერის განხრით გავაგრძელე, შემდეგ კი უმაღლესში – შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, გობელენის განხრით.
ეს პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და, უბრალოდ, ტკბილი დრო იყო.
როცა სტუდენტი ვიყავი, დიდ დროს ვატარებდი სახელოსნოში, სადაც სტუდენტები ვქმნიდით ფერწერას, გობელენს. კარგია სწავლა-განათლება. ინტენსიურად ხატავთ ფერწერის ჟანრში. მოგწონთ სიურეალიზმი და იმპრესიონიზმი… და მაინც, რომელს განეკუთვნება თქვენი შემოქმედება?
– მე ვარ პორტრეტისტი, 15 წელია ვხატავ პორტრეტებს, ძირითადად, ვქმნი რეალური ადამიანების პორტრეტებს. ვფიქრობ, ეს მიმართულება საშუალებას მაძლევს, შევიხედო ადამიანის სულში, ამოვიცნო მისი ბუნება ან ხასიათი და გამოვხატო პორტრეტში. ეს იგივეა, სხვისი სახლის ფანჯარაში შეიხედო,  ნახო, როგორ ცხოვრობს და როგორი აურა აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი 15 წლის მანძილზე და დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. ყველა პორტრეტი საკუთარი შვილივით მიყვარს.
– და მაინც, რომელ პორტრეტებს გამოარჩევდით?
– გამორჩეულად მიყვარს ბავშვების პორტრეტები.
– ფერწერა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთი  ნამუშევრის  ისტორია გვიამბეთ…
– ფერწერა ჩემთვის ჰაერივით არის და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
პირველად როცა პორტრეტი ვცადე, პირველი „მსხვერპლი“ ჩემი მეუღლე ზვიად დოლიძე აღმოჩნდა. სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. ამიტომ პორტრეტის ორი ვერსია შევქმენი. ერთი მას არ ჰგავდა და ზუსტად მაგას ვაჩვენებდი, მეორე ვერსიაში კი ფილმიდან „ტიფლისი“, ივანე ყიფიანის როლში,  საგულდაგულოდ ვმალავდი. პირველ ვერსიას რომ უყურებდა, თითქოს გული სწყდებოდა, აშკარად არ ჰგავდა, თუმცა არაფერს მეუბნებოდა.
აი, მეორე ვერსიაზე მუშაობა იყო ძნელი და საინტერესო, ამ ყველაფერს ღამით ვხატავდი.
ამის მერე ყველა პორტრეტს ღამით ვქმნი.  ჩემს სამყაროსთან სიჩუმეში ვრჩები.
მეორე ვერსია იმდენად მოეწონა მეუღლეს, ზღვა ემოციები გამოიწვია…
– ბალერინები…   შთაგონება გჭირდებათ?
– ბალერინები… ბავშვობის აუხდენელი ოცნებაა. ცოტა სხვანაირად ავიხდინე ოცნება, დავიწყე მათი ხატვა, ვფიქრობ, ესაა ჩემი შთაგონება… უსასრულოდ შემიძლია ვხატო და წარმოვიდგინო სცენა, სადაც ბალერინები ცეკვავენ.
–  რუსთავის მხატვართა გაერთიანება „გამას“ აქტიური წევრი ხართ…
– მხატვართა გაერთიანება „გამას“ წევრობა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, პირველი გამოფენები, რუსთაველი მხატვრების გაცნობა. ფაქტობრივად, ჩემი მეორე ოჯახია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „გამას“ ხელმძღვანელს, არაჩვეულებრივ პიროვნებას დავით ფიცხელაურს. დღემდე აქტიურად ვმონაწილეობ სეზონურ გამოფენებში. ახლა უკვე მხატვართა კავშირის წევრი ვარ, ასევე – „არტ მეგობრების“.

„ჩემი შვილები“

–  ხელოვნება, როგორც შემოსავლის წყარო… რა პრობლემებია ამ მხრივ?
– ნებისმიერ სფეროში მთავარია, იყო შენი საქმის პროფესიონალი. დააგროვო გამოცდილება. ამ დროში იყო მხოლოდ მხატვარი, საკმარისი არ არის, საჭიროა, სწორად წარმოჩნდე და ბევრი იმუშაო საკუთარ თავზე. ამისთვის უნდა იცოდე სოციალური ქსელების გამოყენება, პიარი.

–  რას ურჩევდით ხელოვანებს?
– ხელოვანებს ვურჩევდი მეტ აქტიურობას სოციალურ ქსელში. ციფრულ სამყაროში ამის საშუალება უფრო მეტია, საზღვრებიც წაშლილი და ხელმისაწვდომია. იმუშავეთ საკუთარ თავზე, დახვეწეთ თქვენი შემოქმედება და იაქტიურეთ.
– ხელოვანების ოჯახი გაქვთ. მეუღლე ზვიად დოლიძე მსახიობია. დღეს წლის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დაასახელეს. როგორ ავსებს ერთმანეთს მხატვარი და მსახიობი?
– სწორედ ხელოვნება გვაერთიანებს, ამიტომ კარგად გვესმის ერთმანეთის. დატვირთული დღის ბოლოს ერთმანეთს ვუზიარებთ ემოციებს, თუ საჭიროა, კრიტიკასაც, რაც მთავარია, გულწრფელები ვართ და ეს ემოციები მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. ერთმანეთის წარმატება გვიხარია.
გვყავს სამი შვილი. ვცდილობ, ძირითადი დრო მათ დავუთმო.
– ჰობი…
– ჰობი… მიყვარს მაკიაჟის კეთება, მინდა პროფესიონალურ დონეზე შესწავლა.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ ვგეგმავ პერსონალურ გამოფენებს. ვთანამშრომლობ საზღვარგარეთ რამდენიმე გალერეასთან და ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე. ასევე მინდა სამხატვრო სტუდიის გახსნა.


                                                                                                                        თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები