კარასინი საქართველოსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ამ საკითხში მოსკოვმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლაზე მიმდინარე მოლაპარაკებები უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ კარასინმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა. რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. დღეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რუსეთში ჩასვლა კერძო მიწვევის საფუძველზე შეუძლია. გრიგორი კარასინი ასევე აცხადებს, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ბევრი საკითხის მოგვარებას ართულებს. მისი ინფორმაციით, წელს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არ იგეგმება.