მიხეილ დუნდუა მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ აჟიოტაჟს და ნუ შეიძენენ დოლარს

“2030“-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ ის ფაქტორები, რა ფაქტორებმაც ლარის კურსის გაუფასურება გამოიწვია, ფუნდამენტური არ არის. ექსპერტი უახლოეს პერიოდში ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებს და “კვირასთან“ საუბრისას, ოპტიმისტური მოლოდინის საფუძვლებზე საუბრობს.
მისი თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგშია, და ყველა საერთაშორისო კვლევა, რომელიც ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ლარის კურსი აუცილებლად გამყარდება.
ეკონომისტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ აჟიოტაჟს და საჭიროების გარეშე, მხოლოდ პრევენციისთვის ნუ შეიძენენ დოლარს.
“ვინაიდან ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი წესრიგშია, მეტიც, ამ მიმართულებით სახეზეა მდგომარეობის გაჯანსაღება ანუ ფუნდამენტურ ეკონომიკურ პრობლემებთან არ გვაქვს საქმე, მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსი დასტაბილურდება. ოქტომბრის თვეში დეფლაცია მივიღეთ – ანუ ფასების საერთო დონის შემცირება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლარის დევალვაცია ჭარბი ლარის მიწოდებით არ არის განპირობებული. რაც შეეხება იმას, თუ რა მაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საფუძველს, ეს შემდეგი ფაქტორებია: სექტემბრიდან გვაქვს ექსპორტის, ინვესტიციების ზრდა, ასევე ტურისტული შემოსავლები მაღალ დონეზეა. ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი რადგანაც წესრიგში გვაქვს და ის ფაქტორები, რამაც ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია, არ არის ძირეული. შემიძლია ვთქვა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება. სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმადაც, ლარის წლიური საშუალო კურსი არის 2,33.
​ნოემბრის ბოლოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკიდან თანხების ჩამორიცხვას ელოდება. ესეც გასათვალისწინებელია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო მოქალაქეებს, ნუ აჰყვებიან აჟიოტაჟს და იმის შიშით, რომ შესაძლოა კიდევ გაუფასურდეს ლარი, დოლარს ნუ შეიძენენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა პროგნოზით, ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურებას დაიწყებს“, – განუცხადა “კვირას“ მიხეილ დუნდუამ.
ცნობისთვის, სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლითი კურსი 2.43-2.47-ის ფარგლებში მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები