„რესპუბლიკური პარტიის“ გორის ორგანიზაცია თავმჯდომარემ და პარტიის 60-მდე წევრმა დატოვეს

„რესპუბლიკური პარტიის“ გორის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარემ, ვახტანგ ბერკაცაშვილმა და პარტიის 60-მდე წევრმა დატოვეს.
გორის საკრებულოს წევრი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ზვიად დავითიძე ერთ-ერთია მათგან, ვინც პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. იგი „კვირასთან“ აცხადებს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა გარკვეულწილად ლიდერების პოზიციამაც განაპირობა.
“ვადასტურებ, რომ მეც, თავმჯდომარეც და პარტიის 60 წევრიც პარტიიდან წამოვედით.
ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, იმოქმედა დავით უსუფაშვილისა და პარტიიდან წასული სხვა ლიდერების გადაწყვეტილებამაც, თუმცა ჩვენ „რესპუბლიკელების“ დატოვებას არჩევნებამდეც ვაპირებდით.
ჩვენ ვრჩებით პოლიტიკაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები დაემთხვევა ჩვენი ყოფილი ლიდერების პოლიტიკურ პოზიციებს”, – განაცხადა „კვირასთან“ „რესპუბლიკური პარტიის“ გორის ორგანიზაციის ყოფილმა წევრმა, ზვიად დავითიძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარე ლექსო ვალიაური, რომელიც პარტიაში ამჟამად რიგითი წევრის პოზიციას იკავებს, აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ვახტანგ ბერკაცაშვილს, რომელმაც ვალიაური წელიწადნახევრის წინ შეცვალა, პარტიის დაშლა თავიდანვე ჰქონდა გამიზნული.
ვალიაური წასული წევრების პოზიციას არ იზიარებს.
“მე ვრჩები პარტიაში. თავიდანვე იგრძნობოდა, რომ ვახტანგ ბერკაცაშვილი პარტიის დაშლას აპირებდა. არ ვიცი რა მიზეზით , მაგრამ წავაგეთ არჩევნებიც. ფაქტია, რომ დღეს „რესპუბლიკელებს“ რეგიონულ ფლანგზეც შეგვექმნა კრიზისი“, – განაცხადა „კვირასთან“ “რესპუბლიკური პარტიის” გორის ორგანიზაციის წევრმა, ლექსო ვალიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები