როგორია ქართველებსა და ჩინელებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულების მდგომარეობა

​ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ქართველებსა და ჩინელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამი მათგანი ხაშურის კლინიკაში, 4 კი ზესტაფონის საავადმყოფოში მკურნალობს.
როგორც “კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ინციდენტისას დღეს დაშავებულ 4 პირს ჭრილობები თავის არეში აქვთ მიყენებული, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ 4 დაშავებულს თავის არეში ჭრილობები და დაზიანებები აქვს მიყენებული, თუმცა ჭრილობები ზედაპირულია და არა შემავალი და სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. ოთხივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანა“, -აცხადებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში.
​რაც შეეხება ინციდენტისას გუშინ დაშავებული სამი მამაკაცის მდგომარეობას, ისინი ხაშურის საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
როგორც “კვირას“ ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, სამივე მათგანს დაჟეჟილობები ძირითადად სახის არეში აღენიშნებათ.
“სამივე მათგანი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, უტარდებათ გამოკვლევები, დაზიანებები ძირითადად სახის მიდამოში აღენიშნებათ, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია“, -აცხადებენ ხაშურის საავადმყოფოში. ზვარეს გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაშავდნენ ჩინელებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
​შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ადგილობრივებსა და იქ მომუშავე ჩინელებს შორის დაპირისპირება გუშინ დაიწყო და დღესაც გაგრძელდა. ზვარეს რწმუნებულის თქმით, ჩინელებსა და ქართველებს შორის დაპირისპირება შეშის საკითხზე დაიწყო. როგორც გამგებლის წარმომადგენელი განმარტავს, ჩინელებმა ჩათვალეს, რომ ადგილობრივ ქართველებს მათ მიერ დამზადებული შეშა მიჰქონდათ, თუმცა გამგებლის ინფორმაციით, ქართველებმა შეშა ტყეში თავად მოჭრეს. ამის შემდეგ ჩინელებსა და ქართველებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო. დაპირისპირება დღესაც გაგრძელდა. ჩინურ კომპანიაში დასაქმებულმა ქართველებმა, სოლიდარობის ნიშნად, უარი თქვეს მუშაობის გაგრძელებაზე,რასაც ჩინელებსა და ქართველებს შორის კვლავ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ცნობისთვის, გუშინ ზვარეში მომხდარი ინციდენტი ქართველებსა და ჩინელებს შორის მომხდარი უთანხმოების პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე თვის წინ , ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებდა, რომ ხარაგაულის რაიონში ჩინელმა ქართველი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურება სცადა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინელებმა ზვარეში ძაღლი შეჭამეს, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები