როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი და რა მდგომარეობა უბნებზე – საიას განცხადება

10:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად, ხოლო აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით.
მათივე განმარტებით, პრობლემები ძირითადად წილისყრის პროცედურებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ არსათანადო ქცევასთან დაკავშირებით დაფიქსირდა, ასევე იყო კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების რამდენიმე ფაქტი. რამდენიმე დარღვევა საიას დამკვირვებლის მითითების ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის მითითების შედეგად აღმოიფხვრა.
„თელავის #13 უბანზე აგრესიულად ექცეოდნენ საიას დამკვირვებელს. მას არ მისცეს შესაძლებლობა, გასცნობოდა ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საია-ს თხოვნით ჩაერია პროცესში.
მარნეულის #48 უბანზე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის პროცედურებს არ დაასწრო დამკვირვებლები.
ჭიათურის #14 უბანზე კომისიის წევრმა წინასწარ დაარტყა ბეჭედი 2 ბიულეტენს.
სამგორის #8 უბანზე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციის დროს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების „All Media“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.

დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში მონაწილეობაზე ან უკვე წილისყრის ჩატარების შემდეგ, აღნიშნული ფუნქციის გამოვლენისას, უარი განაცხადეს გადასატანი ყუთის წაღებაზე (მთაწმინდის #8, გორის #79 და #64, ზუგდიდის #9 უბანზე.)

საიასთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ასეთ დროს კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ასეთი წევრები არც სხვა ფუნქციების გამოსავლენ წილისყრაში მიიღებდნენ მონაწილეობას და შეასრულებდნენ თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონში 400-მდე დამკვირვებლით აკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები