საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში 9 საარჩევნო უბანი გაიხსნა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 საარჩევნო უბანი გაიხსნა. როგორც “კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, გათვალისწინებულია ხმის მიცემა გადასატანი ყუთის მეშვეობითაც.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბნებზე, ასევე, გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმას აძლევენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას მისცემენ მაჟორიტარული წესით ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრები და თანამშრომლები. საუბარია პირებზე, რომელთა ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის ადგილი ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზეა.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურზეც საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები