კალაძე “ნაციონალების“ მმართველობის პერიოდზე: ოჯახებში მეუღლე მეუღლეს ვერ ესაუბრებოდა ღიად

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ქვეყნის ხელისუფლებაში,ადამიანები ჩურჩულით საუბრობდნენ, ოჯახებში მეუღლე მეუღლეს ვერ ესაუბრებოდა ღიად, რადგან იყო შიში – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი არსებულმა ხელისუფლებამ წარსულს ჩააბარა.
„ჩვენ ვისმენთ სატელევიზიო სივრცეში მოწოდებებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვება მეორე ტურში იქნება დამღუპველი ქვეყნისთვის და ამას გვეუბნებიან „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მხარდამჭერები. არ მიყვარს გასულ წლებზე საუბარი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ქვეყნის ხელისუფლებაში, მაგრამ ამას ვერ ავუვლით გვერდს. უნდა შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თითოეულ თქვენგანს ახსოვს, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ადამიანები ჩურჩულის საუბრობდნენ, ოჯახებში მეუღლე მეუღლეს ვერ ესაუბრებოდა ღიად, რადგან იყო შიში, იყო ტერორი, ზეწოლა, სამსახურიდან გამოყრა. ჩვენ ყველაფერი ეს ჩავაბარეთ წარსულს. გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც იძალადებს საკუთარ მოსახლეობაზე, რომელიც შეურაცხყოფას მიაყენებს, დაჩაგრავს საკუთარ მოქალაქეს.
შეიძლება შეცდომები ჩვენც გვქონდა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველა განხორციელებული პროექტი, ჩვენს გადადგმული ყველა ნაბიჯი განპირობებული იყო ქვეყნის, ხალხის სიყვარულით. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და მამოძრავებელი არის ადამიანი, ადამიანის კეთილდღეობა. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ და ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ამ თავისუფლებას ვერავინ ვერასდროს ვერ შეეხოს“,-განაცხადა კახი კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები