გიორგი კვირიკაშვილმა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ეკონომიკური პროექტები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.
მხარეებმა განიხილეს არსებული ეკონომიკური დერეფნების გაფართოებისა და ახალი ეკონომიკური დერეფნების განვითარების პერსპექტივა, რაც ტვირთბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს.
ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტზე, რომლის მშენებლობის დასრულება უახლოეს მომავალში იგეგმება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ სარკინიგზო მაგისტრალი გაზრდის ტვირთნაკადს და მოიზიდავს დამატებით ტვირთს, როგორც ევროპიდან, ისე – აზიიდან.
მხარეები, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებში მოხდება იმ პროდუქციის იდენტიფიცირება, რომლის ექსპორტის პოტენციალიც ორი ქვეყნის ბაზარზე არსებობს. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას ინდუსტრიული მიმართულებით.
საქართველო, ინდუსტრიულ სფეროში აზერბაიჯანის გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში დაგეგმილი შემდგომი ფორუმის შესახებ, რომელიც 16 ნოემბერს სტამბოლში, სამი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები