საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში მოყვანილი ჩაის დეგუსტაცია გამართეს
საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით, “Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd.” და “Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd”, ჩინურმა კომპანიებმა, საქართველოში ჩინელი სპექციალისტების მიერ მოყვანილი ჩაის დაგემოვნების ცერემონიალი გამართეს.
როგორც „კვირას“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, კომპანიის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ჩაის კულტურის დეტალები და ტრადიციები გააცნეს და დასაგემოვნებლად საქართველოში მოწეული პროდუქცია შესთავაზეს.
ღონისძიებას, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი პირების, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სავაჭრო პალატის წარმომადგენლების გარდა, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი და აბრეშუმის გზის განვითარების ფონდის დირექტორიც ესწრებოდნენ.
„საქართველოს ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობები გააჩნია, რაც მას მსოფლიოს ბაზრებზე დამკვიდრების კარგ შესაძლებლობას ანიჭებს. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ჩაის მრეწველობის აღდგენას, შავი ზღვის სხვადასხვა რეგიონებში ჩაის პლანტაციის გაშენებას, ჩაის გადამუშავების ტექნოლოგიის დახვეწას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლებას, რეგიონებში დასაქმებას, ჩაის დარგვისა და მოვლის უნარებისა და კულტურის ამაღლებას, საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესებას,“ – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.
ღონისძიების მიზანი იყო საპარტნიორო ფონდსა და “Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co. Ltd.”-სა და “Xinjiang Hualing & Trade (Group) Co, Ltd.”-ს შორის, მაისის თვეში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტის განხორციელება.
საქართველოში ჩაის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და ქვეყანაში ჩაის პლანტაციის გაშენებას, მის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს.