ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 71-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 71-ე შეხვედრა გაიმართა. ქართულმა და ოსურმა მხარეებმა, გასულ თვეში, ე.წ. საზღვრის სიახლოვეს მომხდარი ინციდენტები განიხილეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილის კახა ქემოკლიძის განცხადებით, ქართულმა მხარემ გამყოფი ხაზის მავთულხლართებით და ბანერებით მონიშვნის სამუშაოები გააპროტესტა.
“ცალკე საკითხად განვიხილეთ ის პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას ექმნება უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებით თუ სხვა ხელოვნური ბარიერებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ადამიანების საკითხს, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან ცხინვალის ციხეში. ასეთი, დღეის მოცემულობით, არის 4 ადამიანი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სამი ადამიანი უახლოეს პერიოდში გათავისუფლდება. რაც შეეხება დაკავებულ გიორგი გიუნაშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდება მის საქმეს და იმედი გვაქვს მალე გათავისუფლდება”, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სანაკოევის განცხადებით, შეხვედრაზე ოსურმა მხარემ ე.წ. საზღვრის სიახლოვეს დამონტაჟებული ბანერების დაზიანების ფაქტებზე ისაუბრა.
“რამდენჯერმე დაფიქსირდა ბანერების დაზიანების ფაქტები. ერთ შემთხვევაში ბანერის დაზიანება ხანძარმა გამოიწვია. რაც შეეხება დაკავებულებს, საზღვრის გადაკვეთის 6 შემთხვევა დაფიქსირდა წინა შეხვედრიდან დღემდე. დაკავებულების უმეტესობა გათავისუფლდა მალევე. დანარჩენების საქმეს კი სასამართლო განიხილავს. გიუნაშვილთან დაკავშირდებით კი გეტყვით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, ამ მხრივ არა აქვს პრობლემები. მისი საქმე ასევე განხილვის პროცესშია”, – განაცხადა დავით სანაკოევმა.
სოფელ ერგნეთში შემდეგი შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები