ცხინვალის მოსახლეობას რუსეთის საავადმყოფოები მკურნალობაზე უარს ეუბნებიან – რა რაოდენობის ვალი დაუგროვდა ე.წ. სამხრეთ ოსეთს
„მე მაინც ვფიქრობ, რომ ლეონიდ თიბილოვს მოსახლეობის მკურნალობის საკითხი პოლიტიკური მიმართულებით მიჰყავს .“ – ამის შესახებ „კვირას“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერის ლეონიდ თიბილოვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც სანაკოევი ამბობს, თიბილოვმა ამ განცხადებით ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიებს უპასუხა და პრობლემას პოლიტიკური მიმართულება მისცა.
„თბილისი, ცხინვალის მოსახლეობისთვის, გეოგრაფიულად, ვლადიკავკაზისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო ახლოსაა. თბილისში ტრანსპორტირება გაცილებით მარტივია იმ ხალხისთვის, ვიდრე ვლადიკავკაზში. მით უფრო, ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ, რის გამოც მოსახლეობისთვის მოძრაობა აკრძალულია. სწორედ ამის გამოა, რომ წითელი ჯვარია ჩართული, მათი დახმარებით ადგილობრივი მოსახლეობა ცხინვალიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოჰყავთ. ხანდახან ისე ხდება, რომ დღეში ორი-სამი პაციენტი გადმოგვყავს, თუმცა, მაინც არის შეფერხებები. ბევრს სურვილი აქვს, რომ სამკურნალოდ თბილიში ჩამოვიდეს, მაგრამ ადგილობრივი სტრუქტურები არ უშვებს. გარდა ამისა, როგორც ვიცით, ზამთარში როკის გზა იკეტება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ვლადიკავკაზში ჩასვლისგან ძალიან აფერხებს. ამის გამო, ისინი სამკურნალოდ ცხინვალიდან თბილისში მოდიან. ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილოა და ადგილობრივ მთავრობას უპირისპირდება. მათ თიბილოვის მიმართ უამრავი კითხვები აქვთ და მიმართავენ, თუ რატომ უშვებენ სამკურნალოდ ვლადიკავკაზში, როცა თბილისში მათი მკურნალობა უფასოდ და მაღალკვალიფიციურად ხდება. სწორედ ამიტომ, თიბილოვმა განაცხადა, რომ ვერტმფრენები არა გვყავს და ოპერატიულად ვერ ვახერხებთ გადაყვანას ვლადიკავკაზშიო. ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებას, მოსახლეობის მკურნალობის საკითხს, თიბილოვმა პოლიტიკური მიმართულება მისცა. ჩვენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ვაძლევთ საშუალებას, რომ თბილისში ჩამოვიდნენ სამკურნალოდ, რადგან თბილისში ტრანსპორტირება გაცილებით ადვილი და მოსახერხებელია”, – აცხადებს დიმიტრი სანაკოევი „კვირასთან“ საუბრისას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. დიმიტრი სანაკოევი „კვირას“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს უმხელს, თუ რამ გამოიწვია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უკმაყოფილება.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას აქვს პროგრამა, რომელიც მოსახლეობას სამკურნალოდ უშვებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. მაგალითად, როსტოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვლადიკავკაზში, სადაც არის სხვადასხვა პროფილის საავადმყოფოები. თუმცა, იმ კლინიკებში არსებობს პაციენტთა მკურნალობის ლიმიტი, ანუ წლის განმავლობაში თუ რამდენ პაციენტს უნდა უმკურნალონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან. ჩემთვის ცნობილია, რომ ეს ლიმიტი უკვე ამოწურულია და ცხინვალის ადმინისტრაციას ძალიან დიდი ვალი დაუგროვდა, რაც არის დასაფარი. სწორედ ამ დიდი ვალის გამო, რუსეთის ზოგიერთმა საავადმყოფომ უარი თქვა მათ მკურნალობაზე. ერთ-ერთი, სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოა, რომელსაც ე.წ. ცხინვალის ადმინისტრაციის ვალი აქვს, დაახლოებით 5 მილიონი რუსული რუბლის ოდენობით, რაც დაახლოებით 80-90 ათასი აშშ დოლარის ტოლფასია“, – ამბობს დიმიტრი სანაკოევი.
რაც შეეხება ცხინვალის ტერიტორიიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულ პაციენტებს, როგორც სანაკოევი აცხადებს, წელს სხვადასხვა პათოლოგიებით თბილისში 550-მა მოქალაქემ იმკურნალა.
„ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფ მოსახლეობას ურჩევნია სამკურნალოდ თბილისში ჩამოვიდნენ, რადგან კვალიფიციურ ექიმებთან პროფესიონალური მკურნალობა გაცილებით იაფი უჯდებათ. განსაკუთრებული მოთხოვნები არის ისეთ კატეგორიაზე, როგორიცაა ნეიროქირურგია, კარდიოლოგია და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები. არის პაციენტთა კატეგორია, რომელიც თბილისში სპეციალურად ჩამოდის, რომ ძვირადღირებული პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაიტაროს და დასკვნის შესაბამისად მკურნალობასაც აგრძელებს. მხოლოდ წელს, ცხინვალიდან 550 პაციენტს უმკურნალეს თბილისის სხვადასხვა კლინიკაში. მათ შორის 50 მდე ბავშვია. გარდა ამისა, წელს იყო შემთხვევა, როდესაც რაღაც ინციდენტის, კერძოდ სროლის შედეგად დაჭრილს თბილისში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დამწვრობის ცენტრში ერთ პაციენტს უმკურნალეს, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა“, – აღნიშნა დიმიტრი სანაკოევმა.
„კვირა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, თუ რამდენ პაციენტს უმკურნალეს თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
ცნობისათვის, სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთში საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხს რუსეთთან ათანხმებს.
თიბილოვის განცხადებით, ავიაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთს სჭირდება ბევრი რამისთვის, მათ შორის ავადმყოფი ადამიანების გადასაყვანად, როგორც რუსეთიდან ოკუპირებულ რეგიონში, ასევე პირიქით. ამჟამად ცხინვალს ვლადიკავკაზთან ერთადერთი საავტომობილო გზა აკავშირებს.
თიბილოვი აცხადებს, რომ საქართველოში მედიცინის ზოგიერთი მიმართულება კარგად არის განვითარებული და ამიტომ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა ხშირად მიმართავს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, რათა ისინი სამკურნალოდ საქართველოში გააგზავნონ.
„საქართველოსთან ჩვენ არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური კავშირები არა გვაქვს ჟენევის ფორმატის გარდა. ამასთან, საქართველოში „ჩართულობის სერიოზული პროექტი არსებობს. ის კარგად ფინანსდება და მას დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერენ. ამიტომ მოსახლეობა იქ მიდის სამკურნალოდ. ამიტომ ჩვენ სანიტარული ავიაცია ძალზე გამოგვადგება“, – აცხადებს თიბილოვი.
იზა შაქარაშვილი