პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი ფაქტის გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი ფაქტის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას, კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს.
“გვინდა გამოვეხმაუროთ იმ სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მომხდარის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ცენტრი, სადაც განთავსებულია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას, უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი. არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი და ეჭვი, ამ ფაქტთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო ძალების რეპუტაციისთვის”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.