უწყებათაშორის სამუშაო შეხვედრაზე ლევილის მამულის განვითარებაზე იმსჯელებენ
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ლევილის მამულის ამჟამინდელ მდგომარეობასა და შემდგომ განვითარებაზე იმსჯელებენ.
უწყებათაშორის სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – გელა დუმბაძე წარუძღვება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ უფროსი ეკატერინე სისაური.
ლევილის მამული საქართველოს მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გადმოეცა. საბოლოო აქტზე ფრანგული მხარიდან საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლებმა, ხოლო ქართული მხარიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ მოაწერეს ხელი.