ეკა ბესელია კრწანისის ბაზაზე მომხდარ ფაქტზე – ყველაფერი რაც წინ უძღოდა მომხდარს, შესასწავლია
“დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრი არათუ არ შეუშლის ხელს, არამედ ყველაფერი გაკეთდება, რომ გამოძიებამ რეალური შედეგი ძალიან სწრაფად მიიღოს”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ კრწანისის ბაზაზე მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
ბესელიამ მწუხარება გამოთქვა და ინციდენტის დროს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში, მინდა ოჯახს მივუსამძიმრო, სამწუხარო ფაქტია, გარდაიცვალა ადამიანი. რაც მოხდა, ყველაფერი ემოციურად მძიმეა, მეორე მხრივ, საჭიროა სიფრთხილე და თავშეკავება, რომ ვაცადოთ გამოძიებას, რადგან ის მიმდინარეობს რეალურად. ვნახოთ ობიექტური გამოძიების შედეგები. საჭიროა, დაველოდოთ გამოძიებას. ყველაფერი, რაც წინ უძღოდა ამ მომხდარ ფაქტს, შესასწავლია. დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრი არათუ არ შეუშლის ხელს, არამედ ყველაფერი გაკეთდება კომისიისთვის, რომ გამოძიებამ რეალური შედეგი ძალიან სწრაფად მიიღოს. ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საჭიროა სიფრთხილე და თავშეკავება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზაზე გუშაგმა სამი უცნობი პირი შენიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, გუშაგმა მათ სიტყვიერი გაფრთხილება რამდენჯერმე მისცა და ამ მიზნითვე ჰაერშიც არაერთხელ გაისროლა, თუმცა ამის მიუხედავად, უცნობმა პირებმა ტერიტორია არ დატოვეს და გუშაგს შეურაცხყოფა მიაყენეს. სწორედ ამის შემდეგ გაისროლა მათი მისამართით გუშაგმა, რა დროსაც 23 წლის გიგა შენგელია გარდაიცვალა.